16 აგვისტო 2026,   08:12
ვრცლად
პოლონეთის ექსპრეზიდენტის განცხადება, სახელისუფლებო გუნდისთვის იმის აღიარებაა, რომ უკრაინას და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჰქონდათ

2022 წლის ნოემბერი - კიევიდან-ვარშავაში სატელეფონო ზარმა, პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ უკრაინას, ნატოს წევრი სახელმწიფოს ომში ჩართვის მცდელობა ჰქონდა. ეჭვი ანჟეი დუდას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, ვარშავას ჩვენება შეეცვალა და პასუხისმგებლობა სრულად რუსეთისთვის დაეკისრებინა. საუბარია ერთ-ერთ სოფელში ჩამოვარდნილ რაკეტაზე, რომელსაც 2 მოქალაქე ემსხვერპლა. პოლონურმა მხარემ კი მაშინვე თქვა, რომ რაკეტა, დიდი ალბათობით, უკრაინას ეკუთვნოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის 3 წლის წინანდელ მცდელობებზე, ანჟეი დუდამ, ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

ანჟეი დუდას განცხადება, სახელისუფლებო გუნდისთვის მორიგი დასტური და აღიარებაა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოს მსგავსად, უკრაინას და მასთან ერთად დასავლეთის სხვა ქვეყნებს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჰქონდა. არგუმენტად პარლამენტის თავმჯდომარეს, კონკრეტული მოწოდებები მოჰყავს.

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება განსხვავებულად აღიქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ", სადაც ირწმუნებიან, რომ ომში საქართველოს ჩართვის მცდელობა არავის ჰქონია. სხვა პოზიცია აქვთ გახარიას გუნდში.

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე, ხელისუფლების უარის შემდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებულ შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მოლაპარაკების გახსნის საკითხზე, პოლიტიკური ვაჭრობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" დამოკიდებულება უცვლელია - ხელისუფლება საქართველოში უკრაინული სცენარის გამეორებას არასდროს დაუშვებს.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ომსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ნაბიჯებზე პოლონურ მედია "რომანოვსკი ლაივთან" ინტერვიუში ისაუბრა.

დღის ამბები