საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის, დროებით ბინადრობის მიღება მარტივდება. ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებებია.
ცვლილებების მიხედვით, 3 წლიან ბინადრობას მიიღებს მხოლოდ ის უცხოელი აიტი სპეციალისტი, რომლის წლიური შემოსავალი 25 000 დოლარზე მეტია. ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქე, ნებართვის მიღების შემდეგ ვალდებულია მინიმუმ 183 დღე საქართველოში იცხოვროს. ამ პერიოდში, მას შესაძლებლობა ექნება 6 თვის განმავლობაში დისტანციურად იმუშაოს. ეს უფლება აქამდე უცხო ქვეყნის აიტი სპეციალისტებს არ ჰქონდათ.
მთავრობის დადგენილება, დროებით ბინადრობაზე, ქვეყანაში აიტი ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ ნებართვის მიღების წესში ცვლილება აიტის მიმართულებით კვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდას და საერთაშორისო აიტი კომპანიების საქართველოში შემოსვლას შეუწყობს ხელს.
საკანონმდებლო ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია აიტი სპეციალისტებისთვის. ამბობენ, რომ ის მოთხოვნები რაც, მთავრობის დადგენილებით, აიტი ბინადრობისთვის არის აუცილებელი არა დამწყები, არამედ კვალიფიციური კადრების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მთავრობის დადგენილება, ძალაში უკვე შევიდა.