19 აგვისტო 2026,   06:58
ვრცლად
პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - როგორი იყო მამუკა მდინარაძის გზა ქართულ პოლიტიკაში

კოლეგებს, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობიდან ლიდერის წასვლაზე გული სწყდებათ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა გამოცდილი პროფესიონალის ხელში იქნება. სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურას რომ კანონმდებლების მხარდაჭერა ექნება, ეს დეპუტატებმა სიტყვით უკვე დაადასტურეს.

მმართველმა გუნდმა უწყების მართვა გამოცდილ კადრს ანდო და ფსონი მამუკა მდინარაძეზე დადო. უმრავლესობის ლიდერი რუსთაველის გამზირიდან ახალ მისამართზე მას შემდეგ გადაინაცვლებს, რაც საკანონმდებლო ორგანო, რეგლამენტის შესაბამისად, სუს-ის ახალ უფროსს აირჩევს. საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს იქნება.

საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილებითა და პარლამენტში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ ინაცვლებს. მისი პოლიტიკური გზა 2016 წელს იწყება. პროფესიით იურისტი, სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. გამარჯვებები ამით არ სრულდება - ლიდერის ჩართულობით, პარტიამ ამის შემდეგ ყველა არჩევნებში საზოგადოების უმრავლესობის ნდობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნისთვის რთულ წლებში მართა. სწორედ ამ გამოწვევებიდან და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე, დიდი პოლიტიკური გამოცდილებით, ყველა გამოწვევას გაუმკლავდება.

პოლიტიკურ გზამდე იყო პოლიტიკური პატიმრობა - მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელი 2004 წელს დააკავეს, როდესაც მან უარი თქვა მაშინდელი ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ გარიგებაში მონაწილეობაზე. მაშინ, მდინარაძემ ბრალდებულს, რომელსაც სასამართლომ გადაადგილების უფლება გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე განუსაზღვრა, სახლში წასვლის უფლება მისცა. ახალგაზრდა გამომძიებელს ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა დასდეს, თუმცა ვერ დაუმტკიცეს. პატიმრობისა და წელიწადნახევრიანი პროცესების შემდეგ, სასამართლოს მოუწია, მამუკა მდინარაძე გაემართლებინა.

სამართლის დოქტორისთვის ადამიანის უფლებების დაცვა, წლების შემდეგ, პოლიტიკურ გზაზეც მთავარ პრიორიტეტად დარჩა. რთული გეოპოლიტიკური მოცემულობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, ფუნდამენტურ საკითხად იქცა სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერება, დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა.

მმართველმა გუნდმა პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკა აირჩია, მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე კი მმართველი პარტიის ლიდერს ოცნება აქვს:

ოკუპაცია ოკუპირებული ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. გამოწვევად, რომელზეც ის სამსახური მუშაობს, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობასაც მამუკა მდინარაძე, ნდობის გამოცხადების შემდეგ დაიკავებს. ეს კი საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში უნდა მოხდეს. სუს-ის ხელმძღვანელს უმრავლესობა 6 წლის ვადით აირჩევს.

დღის ამბები