დასხდებიან თუ არა ერთმანეთის პირისპირ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები? იმის მიუხედავად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიც და ვლადიმერ პუტინიც მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, მათი შეხვედრის საკითხი ისევ ბუნდოვანია.
რუსეთის პრეზიდენტი დღის წესრიგის გაწერას ითხოვს.
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან რუსეთის ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბალ დონეზეა, თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად, "გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა".
"დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, როდესაც დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. სწორედ მაშინ დაიწყო ომი და ჩვენ მის შესაჩერებლად ყველაფერს ვაკეთებთ. არის ქვეყნები, რომლებიც სუვერენიტეტის გარეშე მშვიდად არსებობენ. მთელი დღევანდელი დასავლეთ ევროპა პრაქტიკულად ასეთ სუვერენიტეტს მოკლებულია. ჩვენი მსგავსი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება შევძლოთ. სუვერენიტეტის დაკარგვის შემთხვევაში, რუსეთი არსებობას შეწყვეტს. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან უკიდურესად დაბალ დონეზეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ვფიქრობ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. იმედი მაქვს, რომ პირველი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა, ჩვენი ურთიერთობების სრულად აღდგენის დასაწყისია. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი პრეზიდენტის, ტრამპის ლიდერის თვისებები კარგი გარანტიაა იმისა, რომ ურთიერთობები აღდგება. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის ტემპი ამ პლატფორმაზე შენარჩუნდება", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.