მმართველი გუნდი IRI-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ გაიდლაინზე საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ დიპირო, რომელიც საქართველოში მუშაობისა და ბინადრობის უფლებით წლებია სარგებლობს, ოპოზიციისა და აქტივისტების გადამზადებას გეგმავს.
სტრატეგია ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. მოქმედების არეალი - ქუჩა, სადაც საპროტესტო მუხტის შესაქმნელად, აქტივისტებთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც უნდა ჩაერთონ, აქციები კი წინასწარ მომზადებულ და გაწერილ თარიღებს უნდა დაემთხვეს. სახელისუფლებო გუნდი კვლავ ე.წ. დიფ სთეითის გეგმებზე საუბრობს, რომელიც ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის სურვილს უკავშირდება.
მცდელობის მიუხედავად, დღეს "კურიერის" შეკითხვებს თავად დიპირომ არ უპასუხა. მასთან ნაცნობობას ოპოზიციურ სპექტრში არ უარყოფენ. ამბობენ, რომ ევროკომისიის ნეგატიურ გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვება. თუმცა ამტკიცებენ, რომ ამასთან IRI-ის წარმომადგენელს შეხება არ აქვს.
ჯონ დიპირო უცხო არც არასამთავრობო სექტორისთვისაა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიპიროს ქუჩის პროტესტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას უკავშირებენ.
ოპოზიციას, ენჯეოებსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ევროკომისიის დათქმას ულტიმატუმს უწოდებენ. ამბობენ, რომ ყველაფრის უკან კვლავ არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციური პროცესების წახალისების სურვილი დგას.
ევროკომისიამ მოთხოვნები საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვის წინ გამოუგზავნა. დიპიროს სტრატეგია, სწორედ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სავარაუდო გადაწყვეტილების შემთხვევაში ამოქმედდება.