ღაზის სექტორი და ომის 684-ე დღე ახლო აღმოსავლეთში - ისრაელმა გვიან ღამით სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც ქალაქ ღაზის დაკავებას მოიცავს.
საჰაერო იერიშის შედეგად, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 123 ადამიანი. ნანგრევებში ეძებენ დაკარგულ ადგილობრივებს, ისინი კი, ვინც გადარჩნენ, მომხდარს კამერებთან იხსენებენ.
"ცაჰალი" ღაზის სექტორზე მორიგ მასირებულ თავდასხმას ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით ხსნის. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ამბობს, რომ სამხედრო სპეცოპერაცია არ შეჩერდება, ვიდრე "ჰამასი" არ განადგურდება.
ისრაელის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეაქცია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ომი ახლო აღმოსავლეთში 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. თითქმის 2 წლის განმავლობაში, ისრაელსა და "ჰამასს" შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად არაერთი მოლაპარაკება შედგა. თუმცა, ამ დრომდე მხარეებმა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მაინც ვერ შეძლეს.