"დიფ სთეითს" სურვილი აქვს, რომ ის ე.წ. რეკომენდაციები და, რეალურად, შანტაჟი და პირდაპირ მოცემული დირექტივები, რომელიც არავითარ შემხებლობაში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან, გამოყენებული იყოს ჩვენს ქვეყანაში პროტესტის მუხტის გასაზრდელად და ეს პროტესტი გამოყენებულ იქნეს არეულობის და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისათვის", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ეს არის კლასიკური გეგმის ნაწილი, რომელიც, თავის დროზე, უკრაინაშიც გამოიყენეს.
"ეს არის კლასიკური გეგმა, ასეთი გეგმა წარსულშიც გვინახავს, ეს არ არის სიახლე. ზუსტად იგივე იყო 2022 და 2023 წელს, სადაც პირდაპირ გაიდლაინები გაიცემოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და პარტიული პირებისათვის. ეს იყო ერთი დიდი გეგმისა და ნარატივის გაგრძელება რომელიც, მაგალითად, ვიხილეთ მაიდანის დროს. ახლაც აქვთ სურვილი, რომ მაიდანი მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ორგანიზაცია IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ მოამზადა. ის საქართველოში 14 აგვისტოდან იმყოფება.
აღნიშნული გეგმის თანახმად, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს პირველ სექტემბრამდე, საქართველოში საპროტესტო მუხტი უნდა გაღვივდეს. გეგმაშია 13 სექტემბერს აქციის ჩატარება, რის შემდეგად დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლების შტატებში გამგზავრება, სავარაუდოდ, სწორედ IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორთან შესახვედრად.