19 აგვისტო 2026,   07:33
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" იმერეთის სამივე მუნიციპალიტეტში უკვე კარგად გამოცდილი კადრები დაასახელა - როგორია მათი სამომავლო გეგმები

ჭიათურის მოქმედი მერი გივი მოდებაძე მერობის კანდიდატად უკვე მესამედ დასახელდა.

უკვე 8 წელია, საკუთარ გუნდთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს. დღეს ტრადიციულ თათბირზე ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელიც უკვე დასრულდა და სამომავლო პროექტებიც დაგეგმეს.

გივი მოდებაძის ხელმძღვანელობით აშენდა 2 ახალი სკოლა და 4 ბაღი, ხუთ სკოლასა და 4 ბაღს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 7 სოფელში სადაც გაზი არ არსებობდა, სრულად გაზიფიცირდა, 23-ში კი სამუშაოების მიმდინარეობს. ამ პერიოდში ასევე მოეწყო სპორტული მოედნები, სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები.

ამბიცია აქვს რომ ჭიათურას ტურისტულ ქალაქად აქცევს. მუნიციპალიტეტის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს და უკვე გაწერილი აქვს მომდევნო 4 წლის გეგმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიურად მართავს შეხვედრებს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, "კურიერიც" გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.

მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს მერობის კიდევ ერთ კანდიდატს. "ქართულმა ოცნებამ" თერჯოლის მერად მანუჩარ რობაქიძე უკვე მეორედ დაასახელა.

მანუჩარ რობაქიძისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მომავალი თაობის განვითარება და ხელშეწყობა. სწორედ ამიტომაც ახალგაზრდების მისი მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში თერჯოლაში ბოლო პერიოდში აშენდა 2 სკოლა და 3 ბაღი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სკოლასა და 2 ბაღს. მოეწყო 4 სკვერი და 10 მინი სტადიონი, 14 ლოკაციაზე აშენდა სპორტული მოედნები და ტრენაჟორები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს. ამჟამად მუსიკალური სკოლის განახლება მიმდინარეობს, სადაც 173 ახალგაზრდა მომავალი თვიდან მიიღებს მუსიკალურ განათლებას.

მისი მერობის პერიოდში, საერთო ჯამში, 173 კილომეტრის გზა დაიგო, მუნიციპალიტეტი კი სრულად 100 პროცენტით გაზიფიცირდა. თუმცა მთავარ პროექტად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებლების გადაცემას მიიჩნევს.

მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევად და მომავალ 4 წელიწადში მთავარ მიზნად ასახელებს თერჯოლის სასმელი წყლით სრულ უზრუნველყოფას.

იმერეთის კიდევ ერთ რეგიონში ბაღდათში მერობის კანდიდატი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა. ნოდარ გიორგიძე მუნიციპალიტეტში "ქართულ ოცნებას" 2017 წლიდან წარმოადგენს. იცნობს ადგილობრივების საჭიროებებსა და პრობლემებს. ამბობს, რომ დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება მათ გადაჭრასა და მოგვარებაში.

გარდა იმისა, რომ კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს მისი გუნდის შესრულებული საქმიანობა მატებს რწმენას რომ კიდევ ერთხელ დაუჭერს მოსახლეობა მხარს "ქართულ ოცნებას". საკრებულოს თავმჯდომარის რანგში მისი ჩართულობით არაერთი პროექტი განხორციელდა.

მთავარ გამოწვევად მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემას ასახელებს, რომლის მოგვარებასაც მისი მერობის პერიოდში აპირებს.

ასევე აპირებს "ქართული ოცნების" გუნდის დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებას, მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსის მეტად გამოყენებას და ახალგაზრდებთან აქტიურ კომუნიკაციით მათთვის საჭირო პროექტების განხორციელებას.

ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ. "კურიერი" თერჯოლაში ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

"ქართულმა ოცნებამ" იმერეთის სამივე მუნიციპალიტეტში უკვე კარგად გამოცდილი კადრები დაასახელა. მათ გამოცდილებასთან ერთად, ზურგს ხალხის მხარდაჭერაც უმაგრებს.

ავტორი: კესო ქაფიანიძე. 

დღის ამბები