არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა დღეს "კურიერის" კითხვებზე პასუხის გაცემა კვლავ არ ისურვა. შეთანხმების მიხედვით, "კურიერმა" გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირება, დღის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა, თუმცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შექმნილმა ორგანიზაციამ, ინფორმაციის გაცემაზე უარი თავადვე გვითხრა.
მოგვიანებით, კლდიაშვილმა "პრაიმტაიმთან" დაადასტურა, რომ სასტუმრო "ქვევრებში" მის ბიზნესპარტნიორებს შორის რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ნამდვილად არიან. არ უარყო არც ის, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამიდან სოლიდური გრანტი აქვს მიღებული. ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსი ამ ფაქტში ვერც ორმაგ სტანდარტს ხედავს და ვერც ინტერესთა კონფლიქტს.
"ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მე ბიზნესურთიერთობა მაქვს ქართველს ქართველებთან და საქართველოს მოქალაქეებთან. 2020 წელს "აწარმოე საქართველოს" სუბსიდირებული სესხი საქართველოს ბანკიდან და რა თანხაც ავიღე, იმაზე მეტი უკვე ამ სასტუმროს დაბრუნებული აქვს გადასახადების სახით ბიუჯეტში. მე ხალხმა მომცა ის ფული და ბიუჯეტში დავაბრუნე. არ მეკუთვნოდა, არასწორად ავიღე?"- ამბობს კლდიაშვილი.
არასამეწარმეო ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამეწარმეო საქმიანობას დღეს პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის დაზიანების ხარჯზე ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვდნენ, რუსეთის მოქალაქეებთან ფინანსურ გარიგებებში თავად არიან.
IDFI-ის ხელმძღვანელის ბიზნეს საქმიანობაზე შეფასებებს ერიდება ოპოზიციის დიდი ნაწილი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის და რუსეთთან დაკავშირებული პირების ბიზნესურთიერთობა უსიამოვნო ფაქტია "ნაციონალური მოძრაობისთვის."
ორმაგ სტანდარტზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" გიორგი კლდიაშვილს საკუთარ საქმიანობასა და განცხადებებში თანმიმდევრულობა ურჩიეს.
"შპს ქვევრები" თელავის რაიონის სოფელ შალაურში სასტუმრო კომპლექსის სახით ფუნქციონირებს. კომპანიამ სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მსხვილი საგრანტო დაფინანსება მიიღო. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით გიორგი კლდიაშვილთან ერთად სასტუმრო კომპლექსში წილებს ინაწილებენ რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები - გიორგი როჩიკაშვილი და დავით სპარსიაშვილი. მეწილეებს შორის არიან მიხეილ როჩიკაშვილი და ირაკლი ნადარაიაც. კომპანიის საიმიჯო მასალა ახლაც ხელმისაწვდომია რუსეთის პროპაგანდისტულ მედიასა და რუსულ "ტელეგრამ " არხებზე.