19 აგვისტო 2026,   08:58
ვრცლად
"ევროპული სახელმწიფოები ნებისმიერ საკითხს აფასებენ სწორად. ინდექსები განსაკუთრებით დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მაგრამ, ადამიანის უფლებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით კლება აქვს საქართველოს" - ლევან სანიკიძე

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული "კარგი მთავრობის 2025" წლის ანგარიში ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მიმართულებით შესაძლოა საქართველოს პოზიციები პოზიტიური იყოს, თუმცა ამბობენ, რომ არის კრიტიკული ანგარიშებიც.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებებთან, მედიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით თუ პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინდექსით საქართველოს კლება აქვს.

"დასავლეთი და კონკრეტულად ევროპული სახელმწიფოები, ნებისმიერ საკითხს აფასებენ შესაბამისად და სწორად. ინდექსები განსაკუთრებით დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მაგრამ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით თუ პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინდექსი, რაც აქვთ, აქ საშინელი კლება აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამიტომ არის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დროს, არ არის საუბარი რაღაც ბიზნესის წარმოების ინდექსთან დაკავშირებით," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

შეფასება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თამარ კეკენაძემ.

"ცდილობენ, რომ ამ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინონ, მაგრამ რეპორტების მიღმა ძალიან კარგად ვხედავთ, ბოლო წლებია განსაკუთრებით, რას აკეთებს ქართული ოცნება. და ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ ზრუნავს იმაზე, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი," - აცხადებს თამარ კეკენაძე.

ევროკომისიის "კარგი მთავრობის 2025 წლის" ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი, 63 პროცენტი მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა. ქვეყანა ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოს უსწრებს "ლიდერობის და შორს-მჭვრეტელობის", მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის, ასევე "კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის" ინდექსებით.

დღის ამბები