"ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტში სამოქალაქო სექტორს ადანაშაულებს. ამჯერად საუბარია გიორგი კლდიაშვილზე, რომელიც გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ხელისუფლებას ხშირად პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით კი დგინდება, რომ თავად გიორგი კლდიაშვილი ბიზნესს რუსეთთან დაკავშირებულ პირებთან ერთად აწარმოებს. IDFI-ის ხელმძღვანელი შპს "ქვევრების" 32 პროცენტიანი წილის მფლობელია, ამავე კომპანიაში წილებს ინაწილებენ რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები - გიორგი როჩიკაშვილი და დავით სპარსიაშვილი. მეწილეებს შორის არიან მიხეილ როჩიკაშვილი და ირაკლი ნადარაიაც.
თელავის რაიონის სოფელ შალაურში ქვევრების დიზაინის სასტუმრო კომპლექსი სამ ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული. პროექტი მსხვილი სამთავრობო გრანტით დაფინანსდა. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსმა ბიზნესის ასაწყობად ხელისუფლებას მიმართა და 2019-დან 2023 წლის ჩათვლით პროგრამა “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გრანტის სახით 4 მილიონ 700 ათასი ლარიც მიიღო. "კურიერს" დღეს თავად სასტუმროში დაუდასტურეს, რომ კომპლექსის თანამფლობელი გიორგი როჩიკაშვილია - რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე.
გიორგი კლდიაშვილი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. "კურიერის" კითხვები უპასუხოდ დატოვეს “ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტშიც“, სადაც კლდიაშვილს აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია უკავია.
სანამ IDFI-ის ხელმძღვანელი ხელისუფლების რუსულ კავშირებს იკვლევდა, მისი ბიზნესის პოპულარიზაციით რუსეთის პროპაგანდისტული მედია და რუსული ტელეგრამ არხები დაკავდნენ. რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო რეესტრშიც ხელმისაწვდომია ინფორმაცია დავით სპარსიაშვილის შესახებ. პიროვნება, იმავე მონაცემებით, შპს "ქვევრების" 5%-იანი წილის მფლობელად არის მითითებული. ოპოზიცია გიორგი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობაზე შეფასებების გაკეთებას ერიდება, ზოგმა ისიც თქვა, რომ სამოქალაქო სექტორიდან ასეთ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს.
ოპოზიციის შეფასება სუბიექტურია ხელისუფლებისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული ენჯეოების და აქციების ორგანიზატორთა ნაწილი, რუსეთთან ფინანსურ კავშირზე უარს არ ამბობს.
შპს "ქვევრებში" გიორგი კლდიაშვილის ბიზნესპარტნიორებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველიც აღმოჩნდა. გიორგი გოგიბერიძემ, რომელიც კომპანიაში ახლა წილს აღარ ფლობს, 2012-დან 2018 წლამდე, მიხეილ სააკაშვილის პარტიას 123 000 ლარი აჩუქა.