09 აგვისტო 2026,   23:58
ვრცლად
მმართველი გუნდი სამართლებრივ შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ბრიუსელს აკისრებს - საუბარია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეებზე დაკავებულთა განაჩენებზე

მმართველი გუნდი სამართლებრივ შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ბრიუსელს აკისრებს. საუბარია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეებზე დაკავებულთა განაჩენებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ძალადობრივი აქციები ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა, კონკრეტული ქმედებები კი სწორედ მათი სახელით იყო წახალისებული, რასაც შედეგად ახალი დანაშაულები მოჰყვა.

საქალაქო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება აქციაზე დაკავებული, დავით ხომერიკისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობაა. ფაქტს პირველი პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ლაზარე გრიგორიადისის საქმე და დაწერა, რომ ბრიუსელი ძალადობას ევროკავშირთან აიგივებს.

ოპოზიცია, ბრიუსელის ნაცვლად, "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირი საქართველოში არა ძალადობრივს, არამედ დემოკრატიულ პროცესებს აფინანსებს. თუმცა ამაზე ყველა ერთნაირად დარწმუნებით ვერ საუბრობს.

მმართველი გუნდის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით და ძალადობრივი პროცესების მხარდაჭერით ბრიუსელი პირიქით, ევროკავშირის იმიჯს აზიანებს. უმრავლესობა აქცენტს დემოკრატიული ქვეყნების მართლმსაჯულებასა და საერთაშორისო პრაქტიკაზე აკეთებს.

საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოს მაღალ სტანდარტზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც ჟურნალისტებმა კითხვა დაკავებულ დემონსტრანტებთან დაკავშირებით დაუსვეს.

დავით ხომერიკი 30-დან ერთ-ერთია, ვინც ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დააკავეს. თავად ბრალს არ აღიარებს, პროკურატურა კი მას ასაფეთქებელი და აალებადი საგნების გამოყენებით დანაშაულის მომზადებას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხომერიკს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები