20 ივნისი 2026,   03:57
ვრცლად
ალასკაში გამართული შეხვედრა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ყურადღების მიღმა არც ბრიუსელში დარჩა - ვინ რა ამოიკითხა ტრამპისა და პუტინის განცხადებების მიღმა

ალასკაში გამართული შეხვედრა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა ყურადღების მიღმა არც ბრიუსელში დარჩა. უკრაინის მთავარი პარტნიორი, რუსეთის წინააღმდეგ ომში, სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმება, თუმცა, ერთი პირობით - მოლაპარაკებებში მონაწილეობა თავად ევროგაერთიანებამაც უნდა მიიღოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცეს. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას, უერთდება დიდი ბრიტანეთიც.

მშვიდობას მიესალმებიან, თუმცა მუქარას და შანტაჟს ეწინააღმდეგებიან უნგრეთსა და სლოვაკეთში. სახელმწიფოების პირველი პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ შტატებსა და რუსეთს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები მშვიდობის დამყარების იმედს აჩენს. პარალელურად, ისმის მოწოდება ევროკავშირის მიმართ კრემლთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ.

შემდგარ აუდიენციას პუტინსა და ტრამპს შორის აფასებენ მოსკოვშიც, მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ურთიერთობების ნორმალიზების საფუძველს ქმნის. ალასკაში გამართულ შეხვედრას აფასებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტიც, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ბრიუსელს და კიევს ეკისრება.

ვლადიმერ პუტინის ალასკაში ვიზიტზე, შეხვედრის დასრულებიდან მალევე, თავად მასპინძელმაც ისაუბრა. დონალდ ტრამპის განცხადებით ბევრ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რჩება თემები რაზეც მოლაპარაკება რუსულ მხარესთან გაგრძელდება. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, საუბრობს უკრაინის ომზეც და ამბობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების კუთხით მთავარი გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

შეხვედრა ალასკაში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გუშინ შედგა. მხარეებს შორის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების გზები იყო.

დღის ამბები