ვაშინგტონის დროით დილის 10 საათი და 55 წუთი, ალასკაზე თვითმფრინავი "მფრინავი კრემლი" დათქმულ დროზე 5 წუთით ადრე ეშვება, ზუსტად 11 საათზე - ბორტიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩამოდის. მას წითელ ხალიჩაზე ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი ხვდება. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ისტორიული შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო წლების განმავლობაში ელოდა.
ზესახელმწიფოს მკაცრი ხელი, პუტინმა წითელ ხალიჩაზე იგრძნო, მასპინძელმა პირველმა იაქტიურა.
ხელის ჩამორთმევის ამ ფორმამ, დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რასაც მორიგი რეზონანსული კადრი მოჰყვა.
წითელ ხალიჩაზე მეგა სახელმწიფოების ლიდერებმა ერთად რამდენიმე მეტრი გაიარეს, მალევე კი ცაში ამერიკული ბომბდამშენი ბ-2 სპირიტი გამოჩნდა, რომელმაც ვლადიმერ პუტინის უნებლიე რეაქცია გამოიწვია.
განსაკუთრებული დახვედრა თუ ძალის დემონსტრირება? - ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სტრატეგიული შოუ იყო, რადგან სულ რაღაც ორი თვის წინ ამერიკელმა სამხედროებმა სწორედ ამ გამანადგურებლით ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბეს. ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ თეთრი სახლის ლიდერმა კრემლის ლიდერს მეგობრული მრავალფეროვანი სანახაობა მოუწყო.
წითელ ხალიჩასთან მალევე გამოჩნდა ორი საპრეზიდენტო ესკორტი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ადგილიდან არ დაძრულა, რადგან ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ სამხედრო ბაზამდე, სადაც შეხვედრა იმართებოდა - ყველასთვის მოულოდნელად, დონალდ ტრამპთან ერთად ამერიკის პრეზიდენტის ესკორტით იმგზავრა.
ყველა გააოცა კრემლის ლიდერის უჩვეულო ქცევებმა - გაღიმებამ, მოქნილობამ და აქტიურობამ, რაც რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად არ სჩვევია. ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან, რომ გახსნილი და თავისუფალი იყო, ამაზე მეტყველებს ის კადრებიც, რომლებიც ალასკიდან გუშინვე გავრცელდა.
ტრამპისა და პუტინის "პოლიტიკურმა ფლირტმა", საერთაშორისო მედიის ყურადღება უკვე მიიქცია. დახვედრა რომ ჩვეულებრივი არ ყოფილა, ამას ყველა ამბობს და პარალელს რამდენიმე თვის წინ შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრასთან ავლებს. მაშინ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საკმაოდ ხისტი აღმოჩნდა, რამაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აიძულა თეთრი სახლი დათქმულ დროზე ადრე დაეტოვებინა.
მოლაპარაკებების ოთახში ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები ერთად შევიდნენ. მშვიდობის მაძიებლებს ფონად ამავე შინაარსის ბანერი ჰქონდათ.
შეხვედრის დაწყებამდე საერთაშორისო მედია კომენტარის გარეშე დარჩა. პრესას დარბაზის დატოვება მალევე მოუწია. კარი ზუსტად 3 საათით დაიკეტა, რასაც არც თუ ისე დიდხნიანი პრესკონფერენცია მოჰყვა.
საუბარი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, 8 წუთიან სიტყვით მიმართვაში კრემლის ლიდერმა ისტორიულ წარსულზე, რთულ აწმყოსა და დამაიმედებელ მომავალზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა უკრაინის ომზე - თქვა ისიც, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ევროპის კონტინენტზე 3 წლიანი ომი არ დაიწყებოდა.
4 წუთი ისაუბრა დონალდ ტრამპმა. რუს კოლეგას ალასკაზე ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც მანამდე რუსულად ისაუბრა, ინგლისურად ალაპარაკდა და დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია. შემოთავაზებამ ამერიკის პრეზიდენტის ინტერესი გამოიწვია.
უკვე ცნობილია, რომ სანამ ტრამპი მოსკოვში ჩავა, ზელენსკი ტრამპთან ვაშინგტონში გაემგზავრება. შეხვედრა ორშაბათს თეთრ სახლში შედგება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერს - 3 წლიანი ომის დასრულების პერსპექტივებზე ესაუბრება. სწორედ აქ გაირკვევა დათანხმდება თუ არა უკრაინა მშვიდობის დამყარების იმ გეგმას, რომელზეც ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ზელენსკის გარეშე ალასკის კონფერენციაზე იმსჯელეს.