10 აგვისტო 2026,   02:40
ვრცლად
ბენეფიციარები, რომლებიც ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, დილიდან მკურნალობის კურსს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში გადიან - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყველა კერძო ცენტრი უკვე გაუქმებულია

ბენეფიციარები, რომლებიც ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, დილიდან შესაბამის მკურნალობის კურსს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში გადიან. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ დრომდე მოქმედი ყველა კერძო ცენტრი, უკვე გაუქმებულია.

სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად კერძო დაწესებულების 1500-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა რეგისტრაცია და მათთვის მედიკამენტებიც უფასო გახდა. იმ პაციენტებს კი, რომლებმაც რეგისტრაცია ობიექტური მიზეზების გამო დროულად ვერ გაიარეს, საშუალება აქვთ 22 აგვისტომდე, გამარტივებული პროცედურებით ჩაერთონ მკურნალობის პროცესში.

ნარკოლოგები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რომელსაც წლების განმავლობაში ოპიუმ დამოკიდებული ადამიანები კერძო ცენტრებში აწყდებოდნენ. მიაჩნიათ, რომ ახალი მიდგომებით, პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართება და მიზანიც მარტივად მიიღწევა.

ჩანაცვლებითი პროგრამის ახალი ეტაპის ამოქმედებას თელავის თერაპიის ცენტრში აკვირდებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა წნორშიც, სადაც ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი ადგილები დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, კერძო ცენტრების ბენეფიციარების უმეტესობამ, სახელმწიფო დაწესებულებებს უკვე მიმართა. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიზანი ოპიუმდამოკიდებული ადამიანებისთვის დოზების შემცირება და პაციენტების საბოლოო განკურნებაა.

ახალი რეგულაციების ამოქმედება "ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში დაიწყო. მთავრობის დადგენილებით, მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

დღეიდან, ოპიუმდამოკიდებული ადამიანები, ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში შეძლებენ.

დღის ამბები