10 აგვისტო 2026,   05:31
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" კახეთის 3 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კანდიდატები დაასახელა - სამივე მერობის კანდიდატს ერთი რამ აერთიანებთ, მშობლიური მხარის სიყვარული და მოსახლეობის მხარდაჭერა

"ქართულმა ოცნებამ" სიღნაღში მერობის კანდიდატად მალხაზ ბეგიაშვილი მეორედ დაასახელა. მოქმედი მერი ამბობს, რომ ის, რაზეც 2021 წელს მხოლოდ ოცნებობდა 4 წელიწადში რეალობად აქცია. მიუხედავად ამისა, ყველა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოასწრო, მაგრამ იმედი აქვს, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში გეგმებსა და დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს.

ამოცანების უმრავლესობა შესრულებულია - ქალაქ წნორში მისი ხელმძღვანელობით შიდა საქალაქო გზები სრულად განახლდა. დღესაც სწორედ წნორი-ანაგას დამაკავშირებელი 8 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო და ადგილობრივებსაც გაესაუბრა.

როგორც თავად ამბობს სწორედ ეს შესრულებული საქმიანობა აძლევს გამბედაობას, რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი და ხელახლა მოიპოვოს ამომრჩევლის მხარდაჭერა.

საკუთარ მუნიციპალიტეტში მერიასა და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება კიდევ ერთ კანდიდატს აქვს. ილია მზექალაშვილი 2014 წლიდან ჯერ გამგებლის პოზიციიდან და უკვე მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ახორციელებდა მნიშვნელოვან პროექტებს ყვარელში. ახლა უკვე საარჩევნო კამპანიაშია ჩართული და სამომავლო გეგმებზე გუნდთან ერთად მუშაობს.

გამოცდილება და შესრულებული სამუშაოები აძლევს რწმენას, რომ მოსახლეობა მხარს დაუჭერს. ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, რომლებსაც მისი იმედი ყოველთვის ჰქონდათ და როგორც ამბობენ, მომავალშიც ექნებათ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობი ვახტანგ კაკუტაშვილი იქნება.

მრავალწლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება დაეხმარება მერის მოვალეობების შესრულებაში. როგორც თავად ამბობს, "ქართული ოცნების" გუნდმა მუნიციპალიტეტში ბევრი პროექტი განახორციელა, თუმცა კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც მოსახლეობის მხარდაჭერით უნდა გაუმკლავდეს.

ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და სურვილებს კარგად იცნობს, მისთვის მთავარი პლიუსია. აპირებს, რომ მოსახლეობასთან ჩართულობითა და აქტიური კომუნიკაციით მართოს მუნიციპალიტეტი.

"ქართულმა ოცნებამ" კახეთის ამ 3 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კანდიდატები დაასახელა. სამივე მერობის კანდიდატს ერთი რამ აერთიანებთ, მშობლიური მხარის სიყვარული და მოსახლეობის მხარდაჭერა.

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები