21 აგვისტო 2026,   23:08
ვრცლად
პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აპირებს - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი წერს, რომ ბრიუსელი გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივ ჩარჩოს ამზადებს

პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აპირებს - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი საავტორო ბიულეტენით ავრცელებს. იქვე განმარტავს, რომ კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა არსებობს. რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივ ჩარჩოს ამზადებს, რადგან 8 პუნქტიან პირობებზე თბილისის პოზიცია იცის. მოთხოვნებს შორისაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების გაუქმება.

მოთხოვნებზე თბილისის პასუხი ცნობილია - სახელისუფლებო გუნდი კანონების გაუქმებას არ აპირებს, რადგან ვიზალიბერალიზაციასთან ვერც საკითხის ლოგიკურ კავშირს ხედავს, და ვერც ობიექტურ საფუძველს, თუ რატომ უნდა შეუჩერდეს ქვეყანას უვიზო რეჟიმი. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის ფუნდამენტურ კრიტერიუმებს ზედმიწევნით ასრულებს. ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები სამართლებრივის ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური მიდგომით მოქმედებენ.

რომ არა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ბრიუსელი საკითხს დღის წესრიგშიც არ დააყენებდა - აცხადებს ოპოზიცია. პარტიებში ღიად ადასტურებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას პოლიტიკური მდგენელი აქვს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ისევე როგორც ოჯახური ღირებულებების დაცვა, ქართველი ხალხის დაკვეთაა, საპირწონედ კი ევროპელი ბიუროკრატები ისევ ხალხის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას აყენებენ. წინასაარჩევნო მანიპულაცია - უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაცია საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით, შანტაჟის იარაღად გამოიყენება.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ უშედეგოდ, ქვეყნებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიგზავნა ბრიუსელიდან წერილი, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ 8 პირობა ჩაიწერა.

დღის ამბები