19 აგვისტო 2026,   01:11
ვრცლად
"ვერაფრით აუხსნიან ქართველ ერს, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფასეულობები გადიოდეს გაუმჭვირვალობაზე და ოჯახური ღირებულებების საწინააღმდეგო ლგბტ თემის პროპაგანდის დათესვაზე" - ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე

კარგად უნდა იცოდნენ წესით, რომ ყველა ის კანონი, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ", განსაკუთრებით ეს კანონები, არის საზოგადოების დაკვეთა, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კირცხალია რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიუსელის პოზიციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას უკავშირდება.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასეთ მოთხოვნას ამორალურს უწოდებს.

"არაერთხელ გვითქვამს მათთვის და განვმეორდებით, რომ ვერაფრით აუხსნიან ქართველ ერს, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ღირებულებები, ფასეულობები, გადიოდეს გაუმჭვირვალობაზე და ოჯახური ღირებულებების საწინააღმდეგო ლგბტ თემის პროპაგანდის დათესვაზე ქვეყანაში. ასე რომ, პირდაპირ, კიდევ ერთხელ - სრულიად ამორალური მოთხოვნაა, სრულიად აცდენილი რეალურად იმ ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაზეც ევროპა დგას“, - განაცხადა კირცხალიამ.

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე მუშაობს. რიკარდ იოზვიაკმა საავტორო ბიულეტენში დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის ბრიუსელს წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, რაც, მისი ინფორმაციით, უკვე მიღწეულია. 

იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისიის რვა კრიტერიუმის შესასრულებლად საქართველოს ვადა აგვისტოს ბოლოს ეწურება, მათ შორის არის კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ.

დღის ამბები