10 აგვისტო 2026,   02:58
ვრცლად
2008 წლის 11 აგვისტო, შინდისი - ქართველი გმირების ამბავი, რომელიც მსოფლიომ გაიგო

2008 წლის 11 აგვისტო - ქართველი გმირების ამბავი მსოფლიომ გაიგო. მტერთან უთანასწორო ბრძოლის დროს უდიდესმა თავგანწირვის მაგალითმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.

აგვისტოს ომში, რუსულ არმიასთან მებრძოლ 22 გმირს შორის ერთ-ერთი გიგა მურვანიძე იყო. სიკვდილს გადარჩენილი შინდისის ბრძოლის მონაწილე იხსენებს, რომ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ისიც დაიჭრა და 2 დღის შემდეგ ადგილობრივებმა გადაარჩინეს.

ალყაში მოქცეული მეომრები მტერს ტყვედ არ ჩაბარდნენ. სიცოცხლის ბოლო წუთები ერთ-ერთმა გმირმა, ალეკო ონიანმა მებრძოლ ნათლულთან ერთად გაატარა. ონიანის ნათლული, რომან ზოიძე ფრონტის ხაზზე ტრავმებით იყო დაბრუნებული. ნათლია-ნათლულის გმირობამ ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. მათ მტერი შინდისთან საათ-ნახევრის განმავლობაში შეაჩერეს და, საკუთარი სისხლის ფასად, რუს აგრესორებს დიდი დანაკარგიც მოუტანეს.

ლეგენდად ქცეულ შინდისის ბრძოლას 17 გმირის სიცოცხლე შეეწირა. მტერთან ბრძოლის დროს დაცემული მეომრების მემორიალთან, დღეს, პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინდისის გმირების ისტორია შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. პრემიერმა აქცენტი სამშვიდობო პოლიტიკასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გააკეთა. მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმაც.

პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად, შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო თავდაცვის მინისტრი. შინდისის ბრძოლის ადგილზე სამინისტრო გმირების მემორიალურ კომპლექსს აშენებს. სამუშაოები ორ ფაზად განხორციელდება. პირველი უკვე დასრულებულია - შემუშავებულია კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია.

კომპლექსის ძირითადი ნაწილი გარე სივრცეში მოეწყობა. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ტერიტორია, რომელიც ბრძოლის ეპიცენტრს წარმოადგენდა.

შინდისის გმირების მემორიალთან ოპოზიციის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. "ლელოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წევრებმა, დღეს, 17 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს.

საქართველოს უახლეს და უძველეს ისტორიებს შორის პარალელები გაავლო პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა ბრძოლაში ქართველი შედის როგორც დიდგორში, მაგრამ ყველა ბრძოლას აღმაშენებლის მსგავსი მთავარსარდლები არ ჰყავს.

შინდისის გმირების ისტორია 17 წლის წინ დაიწერა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსეთის მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც გააჩნდათ. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ მოახერხა, რაც ქართველ გმირებს ტყვია წამალი-გაუთავდათ.

დღის ამბები