"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ახალმა" საარჩევნო ნომრები დაკარგეს. მათ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოსთვის არ მიუმართავთ, რის გამოც, მათი ნომრები, წილისყრის შედეგად- სხვა პარტიებს გადაეცათ. საარჩევნო ნომერი 5- ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად, ""ჩვენი გაერთიანებული საქართველო"ს" ერგო, 4 კი ""ახალის"" ნაცვლად ""ქართველ ერთობას"".
ცესკოში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია. პროცედურა გაიარა ოპოზიციის მეორე ბანაკმა. "ლელომ" და გახარიას პარტიამ მარათონში მონაწილეობის უფლება უკვე ოფიციალურად მოიპოვეს. რეგისტრირებულია "გირჩი" და "პატრიოტთა ალიანსიც". გამარჯვებისთვის ემზადება სახელისუფლებო გუნდი.
საკითხზე შეფასება გააკეთეს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაში":
"ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა შეუშლის ხელს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გაათავისუფლოს საქართველო. გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ. ყველაფრის ეშინიათ, რაც კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ იდეას ვერ აკრძალავთ. საარჩევნო ნომრის დაკარგავა, არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც ჩვენი სამშობლოს დაკარგვის საფრთხე ჰქვია.
დღეს საქართველოს სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რომელსაც ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად მოვიტანთ,"- აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ "ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას":
"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს წაართვას საარჩევნო ნომერი. ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში. შემდეგი არჩევნები აუცილებლად იქნება სამართლიანი, აუცილებლად გაუქმდება ამ ე.წ. არჩევნების შედეგები, რომელსაც "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად გვასაღებს," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე.