ეროვნული ტრადიციებისა და თანამედროვე ხელოვნების ორიგინალური სინთეზი პაატა მერაბიშვილის ნამუშევრებში ნათლად იკითხება. მოქანდაკე ქართველ ხელოვანთა იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილ გრაფიკულ, ფერწერულ და სკულპტურულ ნამუშევრებს ერთი მთავარი სათქმელი აერთიანებს.
დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა კიდევ ერთი, გამორჩეული ხელოვანის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
"ველუმ"- ასე ჰქვია ნინა გამსახურდიას ექსპოზიციას, რომელიც გასულ წელს შვეიცარიაში შეიქმნა, როგორც ტრანსკულტურული და ინტერრელიგიური ხელოვნების ნიმუში, რომელიც შვეიცარიის სხვადასხვა ტაძარში განსათავსებლად მოიაზრება. საქართველოში ის ციფრული პროექციის სახითაა წარმოდგენილი.
ნინა გამსახურდია, გარდა მხატვრობისა, დაკავებულია შუა საუკუნეების ხატების კვლევითა და რესტავრაციით. მის მიერ შექმნილი არტეფაქტები ერთდროულად ფერწერაცაა და ქანდაკებაც. ესაა აბსტრაჰირებული, კონცეპტუალურად დატვირთული ობიექტები.
ორი ხელოვანის ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი გამოფენა 7 აგვისტოს, ეროვნულ გალერეაში გაიხსნა და დამთვალიერებელს მისი ნახვა ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი