19 აგვისტო 2026,   01:58
ვრცლად
17 წელი აგვისტოს ომიდან - რატომ ვერ მოახერხა სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის არიდება - მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცეს

კახი კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს რეზოლუციიდან ის პუნქტი წაიკითხა, რომელიც მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ ქმედებებს დოკუმენტურად ასახავს. რეზოლუცია 2008 წელს, აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაამტკიცეს და მასში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსული ძალების მხრიდან, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს მხრიდან ძალების არაპროპორციული გამოყენება და სამხედრო დანაშაულის ჩადენა. მსგავსი ჩანაწერების არსებობის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეზოლუციას ხელი მოაწერეს. ეს ქმედება მმართველ გუნდში სახელმწიფო ინტერესების ღალატად ფასდება. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" პასუხისმგებლობას ირიდებენ. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში დღეს მხოლოდ ის თქვეს, რომ წლების წინ, რეზოლუციის მხარდაჭერა, პოლიტიკურად გამართლებული იყო.

უმრავლესობის ლიდერისთვის პარადოქსია, რომ 2008 წელს რუსეთის ხელისუფლებამ თავისი ჯარისკაცებისთვის უკეთესად იმოქმედა, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართველი სამხედროებისთვის. მამუკა მდინარაძე იხსენებს, რომ ომის შემდეგ, რუსეთმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, სადაც საუბარი იყო რუსი ჯარისკაცების ბრალეულობაზე. სააკაშვილი ხელმძღვანელობით კი, "ნაციონალური მოძრაობა" უპრობლემოდ დაეთანხმა დოკუმენტს, სადაც ქართველი ჯარისკაცები იყვნენ დადანაშაულებულები.

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები მიუღებელია. ამ განცხადებების შინაარს, როგორც ოპოზიციაში ფიქრობენ, საქართველოს მტრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოიყენებენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის გარდა, სახელისუფლებო პარტიაში იმ ოფიციალურ დოკუმენტებს ასახელებენ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობას ადასტურებს. ასეთია ტალიავინის კომისიის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების შესახებ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით, 8 აგვისტოს შემოვიდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომის თარიღის ცვლილებით "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი დანაშაულის გადაფარვას უშედეგოდ ცდილობს.

რატომ ვერ მოახერხა სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის არიდება - ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცეს. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მთავარი ვალდებულება სახელმწიფოს ომის საფრთხისგან დაცვაა. მოქმედი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყოფილმა, წინასწარ განზრახული, დანაშაულებრივი ქმედებებით, ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა. ხუთდღიანმა ომმა, საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებული რჩება. 

დღის ამბები