ერთი ომის ორი თარიღი - შვიდი თუ რვა აგვისტო? როდის დაიწყო საომარი მოქმედებები კვლავ დისკუსიის საგანია.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა. წლების განმავლობაში, 8 აგვისტო აღინიშნებოდა ომის დაწყების დღედ, თუმცა ათი წლის შემდეგ, ოპონენტებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ეს თარიღი.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე ბოლო წლების განმავლობაში შვიდ აგვისტოს მიდიან.
დღეს, ურთიერთბრალდებები ისმოდა იმაზეც ერთი მხრივ რა ნაბიჯები გადადგა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, მეორე მხრივ კი რა შეფასებები კეთდება ამ ნაბიჯებზე მოქმედი ხელისუფლების მხრიდან.
კიდევ ერთხელ გაიხსენეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია.
პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მტკიცება, რომ თითქოს ამ რეზოლუციით ქართული მხარე აღიარებდა ომის დაწყებას, "ეს ინტერპრეტაცია და პროპაგანდაა".
"როცა ქართულ მხარეს ადანაშაულებს საომარი მოქმედებების დაწყებაში და როდესაც ერთი-ერთში იმეორებს რუსების ნარატივს, ეს, რა თქმა უნდა, არის ღალატის დეფინიცია.
რაც შეეხება რეზოლუციას, სადაც პირველად იყო აღიარებული, რომ ოკუპანტი იყო რუსეთი, იმ დროს, სანამ საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდებოდა მიხელი სააკაშვილის სიმართლეში და როდესაც საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეჯერებინათ თავის დროზე, მაშინ იყო გარკვეული ელემენტები იმ რეზოლუციაში, რომელიც ჩვენი მხარისთვის არ იყო მისაღები, თუმცა ეს რეზოლუცია იმდენად მიუღებელი იყო რუსებისთვის, რომ მათ დატოვეს დარბაზი. ამიტომ ეს რეზოლუცია თუ ვინმესთვის არ იყო მომგებიანი, არ იყო რუსებისთვის.
რაც შეეხება ომის დაწყებას, იმ რეზოლუციით ქართული მხარე ნამდვილად არ ამტკიცებდა, ეს არის პროპაგანდა და ინტერპრეტაცია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.