დღევანდელი დღე გვაფიქრებს თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა და სიტუაცია შეიძლება, მომენტალურად შეიცვალოს, თუ ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 8 აგვისტოს ქვეყანა იხსენებს ომში დაღუპულ ჯარისკაცებსა და მათ ჩადენილ გმირობას.
"ეს დღე ჩვენ ბევრ რამეზე გვაფიქრებს. გვაფიქრებს ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე. გვაფიქრებს ჩვენ მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო გამოსულიყო საომარი ტერიტორიიდან და გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც, ისევე მყიფეა მშვიდობა და ისევე მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუ ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ამიტომ, ეს დღე არის, ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და, მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.