მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ელჩს შორის ქირავნობის ხელშეკრულება რჩება პოლიტიკური დისკუსიის საგნად - ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის შემდეგ, გერმანიის საელჩო პოლიტიკოსის 3-სართულიანი სახლის ქირისთვის თვეში 7 370 ევროს იხდიდა. მას შემდეგ, რაც ფორმდება მხარეებს შორის გარიგება, გამქირავებელმა საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს, თუმცა დოკუმენტი რეესტრში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ - 4 აგვისტოს დაჩქარებული წესით აიტვირთა.
კანონის შესაბამისად, სახლის მესაკუთრე გაქირავებიდან მიღებული სარგებლის 5%-ს იხდის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით, ეს ნოტარიულ დოკუმენტშიც მითითებულია. სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა შემოსავლების სამსახურში. უწყებაში უკვე ითქვა, რომ გამოვლინდა შესაძლო კანონდარღვევა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე ნებისმიერი ტიპის გადასახადს აარიდებს თავს, თუ ამის საშუალება ექნება.
„ტექნიკური ხარვეზი არის მხოლოდ საფუძველი იმის, რომ რაღაცნაირად თავი გაიმართლოს ხაზარაძემ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი თავს აარიდებს ნებისმიერი ტიპის გადასახადს, სადაც კი საშუალება აქვს. მაშინ, როდესაც თავისი წარუმატებლობა უნდოდა, რომ დაებრალებინა საქართველოს სახელმწიფოსთვის და ქართველ ხალხს სთხოვდა მილიარდ-ნახევარს და მერე ორივეს საარბიტრაჟო საელჩო და საარბიტრაჟო სასამართლოებმა უთხრეს, რომ აქეთ გაქვს მოსატანი 7 მილიონი დოლარი შენი ხალხისთვისო. ამ ადამიანთან გვაქვს საქმე და ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი არ გამოეხმაურა ამას იმ დონეზე, რომ ვთქვათ განემარტა ქართული საზოგადოებისთვის, რომ საერთოდ რატომ ქირაობ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებისგან, ვითომ ოპოზიციური პოლიტიკოსებისგან, რომლებიც რადიკალურ პროცესებში არიან მხილებული უძრავ ქონებას.
დაილია საქართველოში უძრავი ქონება თუ გერმანიის ელჩს და საელჩოს აღარ ჰქონდა იმის საშუალება და ხაზარაძემ უფასოდ მიაქირავა, თუ რა?“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.