ვაშინგტონში გამგზავრებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსკოვს კიევთან სამშვიდობო შეთანხმების დადების ბოლო ვადა - 8 აგვისტო შეახსენა. ნიუ-ჯერსის აეროპორტში, ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის შემდეგ, კრემლი თეთრი სახლის მომლაპარაკებელთან შეხვედრას ითხოვს. ტრამპმა დიმიტრი მედვედევის მუქარის საპასუხოდ გაიმეორა, რომ საჭირო ლოკაციაზე ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების განკარგულება გასცა.
კრემლი მოლაპარაკებებისთვის სტიფ უიტკოფს მოსკოვში 6 ან 7 აგვისტოს ელოდება. დიმიტრი პესკოვმა არც ზელენსკის და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა, მედვედევის მუქარაზე კი თქვა, რომ ეს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.
ომის დასრულების პირობად ოფიციალური კიევი მოკავშირეების მხრიდან მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ასახელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად, უკრაინა პარტნიორებისგან დამატებითი იარაღის მიღებას ელოდება.
პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს ჩეხეთის პრეზიდენტი. პეტერ პაველი ფიქრობს, რომ ბრძოლის ველზე ომის მოგება შეუძლებელია, უკრაინის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია კი შესაძლოა ქვეყნის გადარჩენისთვის გაღებული საფასური იყოს.
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. თავდასხმის სამიზნე დღეს 5 ოლქი გახდა, არის მსხვერპლი. საპასუხო იერიშები განხორციელდა რუსეთის მიმართულებით. ანექსირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომი იწვის, კრასნოდარის მხარეში კი სოჭის აეროპორტი დაიბომბა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე