21 აგვისტო 2026,   21:00
ვრცლად
ითხოვს თუ არა ოფიციალური სტოკჰოლმი, ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ყველა კანდიდატი ქვეყნისგან - რა შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში?

ომში მყოფი ქვეყნისთვის შვედეთის მხრიდან წაყენებული პირობა, "ქართული ოცნების" შეფასებით, მორალურთან ერთად, პოლიტიკურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. კონკრეტულად კი ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.

სახელისუფლებო პარტიას აინტერესებს, ითხოვს თუ არა ოფიციალური სტოკჰოლმი ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თანაბრად, ყველა კანდიდატი ქვეყნისგან. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავსი მოთხოვნები საქართველოს მიმართ ევროპელი პარტნიორების ცალკეულ განცხადებებსა თუ კანონების გაუქმებისკენ მოწოდებებში აქამდეც ისმოდა.

ამ საკითხზე დასმულმა შეკითხვამ დღეს "ნაციონალური მოძრაობაში" გაღიზიანება გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტებს შვედეთის პრემიერის განცხადებაზე საუბარი არ სიამოვნებთ - ამბობენ, რომ მსგავსი მოთხოვნა საქართველოს შემთხვევაში დღის წესრიგში არ დადგება. გარანტად კი ისევ "ქართული ოცნების" ინიციატივით, კონსტიტუციაში შეტანილი ჩანაწერი მოჰყავთ, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ შვედეთის საელჩო ვალდებულია მკაფიოდ განმარტოს, რას ითხოვს კანდიდატი ქვეყნებისგან, რადგან როგორც ევროკავშირის წევრს სახელმწიფოს, შესაძლებლობა აქვს, ინდივიდუალური ხმის უფლებით საერთო გადაწყვეტილებები შეაფერხოს, თუმცა საელჩო უკვე რამდენიმე დღეა არ პასუხობს "კურიერის" კითხვას - ითხოვს თუ არა შვედეთი საქართველოსგანაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა, ულფ კრისტერსონმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, როდესაც საკუთარ რეზიდენციაში ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და ვეტერანებს უმასპინძლა.

დღის ამბები