საგზაო რუკა, რომელსაც ევრობიუროკრატები მიყვებიან, მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპული ქვეყნების დასუსტებამდე მიდის. ამის ერთ-ერთი მაგალითი "ქართული ოცნებისთვის" ამერიკასა და ევროკავშირს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმებაა, რომელსაც თბილისში, და არამხოლოდ, კრიტიკული შეფასებები უკვე მოჰყვა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეროვნულ ინტერესებსა და შიდა პოლიტიკაზე უარის თქმა ევრობიუროკრატებს ძვირი დაუჯდებათ.
ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის დადებულ ხელშეკრულებას დღეს, ვრცელი წერილით, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გამოეხმაურა. განცხადების პირველ ნაწილში ის, კაბალური გარიგების პირობებზე საუბრობს და წერს, რომ კონტრაქტმა კიდევ უფრო ცხადი გახადა "დიფ სთეითის"გეგმები. ზაზა შათირიშვილი დარწმუნებულია, რომ ევრობიუროკრატიას დღეს "დიფ სთეითი" მართავს და გამონაკლისი არც დონალდ ტრამპია.
ვრცელი წერილის მეორე ნაწილში კი ფილოსოფოსი "დიფ სთეითის" იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც კორპორაციული მმართველობის სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. ზაზა შათირიშვილი წერს, რომ ევროპის ეკონომიკური განადგურებით და ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებით, "დიფ სთეითი" ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის ლეგალიზაციას ცდილობს, მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთ გზად ლგბტ პროპაგანდის გაღრმავებას იყენებს.
ფილოსოფოსის წერილს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხობენ - ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი ვერ გაამართლა.
მმართველ გუნდში კი გლობალური მასშტაბით "დიფ სთეითის" გავლენებზე საუბრობენ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მიზანი ერთია - მეტი ცხელი წერტილის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად კი "დიფ სთეითი" საქართველოს გამოყენებასაც შეეცდება.
ამერიკასა და ევროკავშირის შორის სავაჭრო ხელშეკრულება გასულ კვირას გაფორმდა. ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპის შეთანხმებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა.
ავტორი: ნანა გოგატაძე