19 აგვისტო 2026,   06:57
ვრცლად
შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კონტრაქტი, არაფერი დასამალი და არაფერი არასამართლებრივი იქ არ არის, არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს - გრიგოლ გეგელია

გერმანელი დიპლომატის შეთანხმება მამუკა ხაზარაძის ოჯახთან - ამ დრომდე უპასუხოდ რჩება მთავარი შეკითხვა - იხდის თუ არა ბიუჯეტში უძრავი ქონების გაქირავებით მიღებულ სარგებელზე, საშემოსავლო გადასახადს ხაზარაძის ოჯახი?

ყავლაშვილის 14-ში მდებარე ძვირადღირებული სახლი, რომელშიც ახლა გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, მამუკა ხაზარაძემ, მეუღლეს 3 წლის წინ, მას შემდეგ გადაუფორმა, რაც ის სასამართლომ ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. სწორედ ამ განაჩენიდან რამდენიმე თვეში იქირავა პეტერ ფიშერმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უძრავი ქონება. ხაზარაძის ოჯახმა ორ დღიანი დუმილი, ადვოკატების წერილობითი განმარტებით დაარღვია და გერმანიის ელჩთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაზე მიუთითა. თავად დიპლომატი, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაში ადანაშაულებენ, ამ დრომდე დუმს.

"კურიერი" დაუკავშირდა მამუკა ხაზარაძის ადვოკატს, თუმცა მისი განცხადებით, ის ჯერ საქმის კურსში არ არის და საკითხს არ გაცნობია.

"ხვალისთვის შემეხმიანეთ, რომ ვნახო ყველაფერი და ვიყო საქმის კურსში. ყველაფერს გავარკვევ, საერთოდ არ ვარ საქმის კურსში ამ თემაზე, ხვალ მეცოდინება ყველაფერი“, - აცხადებს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ ქირავნობის ხელშეკრულება არსებობს და ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებშია.

"მე არ წარმოვადგენ ოჯახს, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კონტრაქტი, არაფერი დასამალი და არაფერი არასამართლებრივი იქ არ არის. ეს უნდა ჰკითხოთ ოჯახს. გერმანიას აქვს საგარეო პოლიტიკა, მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკა და ქირავნობის ხელშეკრულებები არ ახდენს ევროპული კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე რაიმე არსებითს. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“, - აცხადებს  პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კითხვების ლოგიკის, რომლებსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები სვამენ, არ ესმით.

"ვინ ვის სახლში ცხოვრობს, ამაზე თემის აგება, რომ ეს თურმე პოლიტიკური კორუფციაა, არის აბსოლუტური სიცრუე იმიტომ, რომ კონკრეტული სახლები ეკუთვნის პოლიტიკოსებსაც, ხელოსნებსაც, ბანკირებსაც და ყველა პროფესიის ადამიანს, და იმის გამო, რომ პოლიტიკურ ეკუთვნის, ეს სახლი არ უნდა ქირავდებოდეს? მართლა არ მესმის ლოგიკა“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები