გერმანელი დიპლომატის შეთანხმება მამუკა ხაზარაძის ოჯახთან - ამ დრომდე უპასუხოდ რჩება მთავარი შეკითხვა, იხდის თუ არა ბიუჯეტში უძრავი ქონების გაქირავებით მიღებულ სარგებელზე, საშემოსავლო გადასახადს ხაზარაძის ოჯახი?
ყავლაშვილის 14-ში მდებარე ძვირადღირებული სახლი, რომელშიც ახლა გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, მამუკა ხაზარაძემ, მეუღლეს 3 წლის წინ, მას შემდეგ გადაუფორმა, რაც ის სასამართლომ ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. სწორედ ამ განაჩენიდან რამდენიმე თვეში იქირავა პეტერ ფიშერმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უძრავი ქონება.
ხაზარაძის ოჯახმა ორდღიანი დუმილი ადვოკატების წერილობითი განმარტებით დაარღვია და გერმანიის ელჩთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაზე მიუთითა. თავად დიპლომატი, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაში ადანაშაულებენ, ამ დრომდე დუმს.
სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ საკითხით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს.
“არ შეიძლება, ელჩი ავლენდეს რაიმე ტიპის პრიორიტეტს ან ტოვებდეს იმის შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ინტერესთა კონფლიქტი აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ელჩის ასეთი ტიპის საქმიანობით, რომ მან გარკვეული პოლიტიკური გადახრები განახორციელა, თავისი პრიორიტეტები საჯაროდ გამოაცხადა და ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიმართაც ძალიან დიდ სიმპათიებს ავლენს, მასთან უკვე ასეთი ურთიერთობაც აქვს, რომ სახლსაც კი ქირაობს, და კაცმა არ იცის, რა პირობებით იმიტომ, რომ ითქვა თითქოს, არსად ფიქსირდება საგადასახადო ორგანოებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს იქნება სრული დარღვევა დიპლომატიის ქცევის წესებისა ქვეყანაში, სადაც იმყოფება“, - აცხადეს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.