საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ძმებმა, ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ცოლად შერთვის მიზნით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულ გოგონას", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.