"მოქალაქეების" ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაცია, საარჩევნო ბანერების წინ უარყო. ალეკო ელისაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვედრებს აქტიურად მართავს, დღეს ირწმუნება, რომ ხვალ "ლელოს" და გახარიას ახალი ალიანსი მის გვარს არ გამოაცხადებს.
ეს იმ ფონზე, როცა "ძლიერმა საქართველომ" დღეს უკვე მეორედ დაადასტურა, რომ ელისაშვილი ერთ-ერთია, ვისი გვარიც, ორი პარტიის ერთობლივ შეხვედრებზე, ხშირად ჟღერდება.
"მოქალაქეების" ლიდერის პოლიტიკურ შესაძლებლობებსა თუ შანსებზე საუბარს თავს არიდებს გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მერობის ერთიანი კანდიდატის ვინაობა კი 4 სექტემბრამდე გაირკვევა.
გახარია-ხაზარაძის ალიანსს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყოფილი პარტნიორების პოლიტიკურ კრახში უკვე დარწმუნებულია.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში მყოფი ვაშაძე კი 8 პუნქტიან გეგმას რუსთავის ციხიდან ავრცელებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, ოპოზიციას, ისევ ზურაბიშვილის პლატფორმის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს.
ორი ოპოზიციური ბანაკის პოლიტიკური სტრატეგიის უპერსპექტივობაზე სახელისუფლებო გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. "ქართული ოცნება", რომელიც საკუთარი პროგრამისა და კანდიდატების წარსადგენად ემზადება, დარწმუნებულია, რომ უცხოური დავალებების შემსრულებელ ოპოზიციას, მუნიციპალურ არჩევნებზე მარცხი გარანტირებული აქვს.
თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების წარდგენის საბოლოო ვადა 4 სექტემბერია. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, სწორედ ამ დრომდე უნდა გადაწყვიტონ, ვისი გვარი დახვდება ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენზე.