იმ პარტიებში, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ერთობის აუცილებლობაზე საუბრობენ. დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში გაიმართა გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია. "სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ გეგმა ეფუძნება ერთიანობას და სამოქალაქო ძალის გაძლიერებას.
"ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვართ დაქსაქსული უმრავლესობა. იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა გადაიქცეს ქმედით ძალად, რეალურ ალტერნატივად, აუცილებელია ერთიანობა, რათა დაიწყოს აქტიური წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის მოძრაობა და, ასევე, საუბარია იმაზე, რომ 4 ოქტომბერს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, შევიკრიბოთ რუსთაველზე და ერთგვარი რეფერენდუმი, სახალხო ყრილობა მოვუწყოთ.
გიორგი ვაშაძის იდეა არის, რომ საბაზისოდ, დასაწყებად ამ დიდი გაერთიანების, გამოვიყენოთ 8-იანი, გამოვიყენოთ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა, ახლის შექმნაზე კი არ არის ლაპარაკი," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
"არასერიოზული და უშედეგო" - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ვაშაძის გეგმის პრეზენტაციას.
"რადიკალური ოპოზიცია ძალიან დიდი ხანია, რაც დაიბრენდა და ეს არის უსამშობლოების ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა ეცადონ მათ, ეს ბრენდი მათ პოლიტიკური საქმიანობის ბოლომდე მიჰყვებათ. საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად აქტიურობენ, უსამშობლოების ბრენდინგი სულ უფრო მეტად ესადაგება ხოლმე ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს პროპორციულად გაგრძელდება მომავალშიც," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.