შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ტაქტიკას სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.
რაშა-გეითის სკანდალზე ამერიკაში გამოძიება გრძელდება. ტულსი გაბარდის შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმაც დაადასტურა, რომ ობამას ადმინისტრაციის გეგმა იყო, ტრამპისთვის ბრალი დაედოთ რუსეთთან კავშირებში და ცრუ თანამშრომლობაში.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას საქართველოს ნგრევა და რუსეთთან დაპირისპირება სურს.
"როცა იგეგმება რევოლუციური პროცესის განვითარება რომელიმე ქვეყანაში და, ამ შემთხვევაში საქართველოში, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც გაწერილია კონკრეტული სამოქმედო გეგმით. ეს სამოქმედო გეგმა მზაკვრულია იმიტომ, რომ უპირისპირდება ქართული საზოგადოების ინტერესებს. რუსული თემა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომელიც გაწერილია მზაკვრულ სცენარში. ის გამოიყენება 2012 წლიდან და ვერანაირად ვერ მოახერხეს შერყევა საკუთარი ქვეყნის ამ თემით.
ახლა ამას დაემატა არჩევნების გაყალბების თემა. უნდათ ამ სცენარის განვითარება, რასაც, საბოლოო ჯამში, უკრაინიზაცია უნდა მოჰყვეს. ჩვენს ოპონენტებს, ამ ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ ოპონენტებს სურთ საქართველოს ნგრევა და მონაწილეობა იმ პროცესში, რასაც ჰქვია დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.