19 აგვისტო 2026,   03:48
ვრცლად
აშშ-ში ძალიან გასაგებ ენაზე აუხსნეს მსოფლიო საზოგადოებას, თუ როგორ მოქმედებს დიფ სთეითი - ირაკლი კირცხალია

შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ტაქტიკას სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.

რაშა-გეითის სკანდალზე ამერიკაში გამოძიება გრძელდება. ტულსი გაბარდის შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმაც დაადასტურა, რომ ობამას ადმინისტრაციის გეგმა იყო ტრამპისთვის ბრალი დაედოთ რუსეთთან კავშირებში და ცრუ თანამშრომლობაში.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, აშშ-ში ძალიან გასაგებ ენაზე აუხსნეს მსოფლიო საზოგადოებას, თუ როგორ მოქმედებს "დიფ სთეითი".

"მარტივი შაბლონია მოგონილი - რუსი, პრორუსული, რუსეთუმე და ა.შ. ამ მხილებას, რასაც ჩვენ წლებია ვახდენთ მათ მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამ ყველაფერს დღითიდღე ფარდა ეხდება და ყველამ კარგად ვნახეთ აშშ-ში, თუ როგორ ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებ ენაზე აუხსნეს მსოფლიო საზოგადოებას, თუ როგორ მოქმედებს "დიფ სთეითი".

ირგებენ იმ მანტიას, რომ თითქოს დასავლეთის და დემოკრატიის ენით, რაღაც ევროპული ღირებულებების ენით გესაუბრებიან და რეალურად, დიქტატს იქ, სადაც უნდათ, რომ მათი გავლენები იყოს წარმოდგენილი 100%-ით. ამისთვის შეიმუშავეს ერთ-ერთი მარტივი ხრიკი, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებს აქაური აგენტურული ქსელი.

ე.წ. ოპოზიციური მედიასაშუალება, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს ხომ ყველაფერი არის ერთმანეთზე გადაბმული და კარგად ვნახოთ, ტელევიზიიდან პოლიტიკაში, პოლიტიკიდან NGO-ში, NGO-დან პოლიტიკაში და ა.შ. ეს არის ერთი ჯგუფი სხვადასხვა სტატუსით, რომელიც ემსახურება ერთ ცენტრს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები