19 აგვისტო 2026,   01:12
ვრცლად
ისინი მე მაკრიტიკებენ, მაგრამ მე არ მცალია მათ საკრიტიკებლად და მათზე საფიქრად - ოპოზიციას ვურჩევ, დაკავდნენ მეტი საქმით, დაკავდნენ "ქართულ ოცნებაზე" ფიქრით და არა "ლელოზე" ფიქრით და მსჯელობით - გრიგოლ გეგელია

თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია "გორბის" კვლევაცაა. "ნაციონალურ მოძრაობა" შედეგებს არ ენდობა, თუმცა პარტიაში მაინც აქვთ კითხვები, რატომ არის რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზე "ლელო" და გახარიას გუნდი. "ქართული ოცნების" შეფასებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რა შედეგი მოაქვს პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნების ბოიკოტს.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" 56%-ის შემდეგ, თითქმის 11% აქვს "ლელოს", 10% გახარიას, 9,5% "კოალიცია ცვლილებს" და 7,5% "ნაციონალური მოძრაობას".

”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს მეტი საქმით დაკავებას ურჩევს. მისი განმარტებით, ოპოზიცია "ქართულ ოცნებაზე" უნდა ფიქრობდეს და არა "ლელოზე".

"ეს უნდა ჰკითხოთ იმ კოლეგებს, ვინც აირჩიეს ბოიკოტი. ისინი მე მაკრიტიკებენ და მე არ მცალია მათ საკრიტიკებლად და მათზე საფიქრად. მე ვფიქრობ იმაზე თუ როგორ ვესაუბრო ჩემს ამომრჩეველს და არა იმაზე, ოპოზიციის კომენტირება როგორ გავაკეთო. ოპოზიციას, სხვა კოლეგებს ისევ და ისევ ვურჩევ დაკავდნენ მეტი საქმით, დაკავდნენ "ქართულ ოცნებაზე" ფიქრით, მსჯელობით და არა "ლელოზე" ფიქრით და მსჯელობით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე "გორბის" კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს და აინტერესებს, მეორე და მესამე ადგილებზე ის ოპოზიციური პარტიები რატომ არიან, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. სანიკიძის თქმით, ამ ყველაფერს სოციოლოგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"ქართულ ოცნებას" უნდა ვკითხოთ,  რატომ გადაწყვიტა ოპოზიციურ პარტიებს შორის ადგილების ასე გადანაწილება. არავითარ სოციოლოგიასთან ამას კავშირი არ აქვს. რატომ დაწერეს მეორე და მესამე ადგილზე ის პარტიები, რომლებიც მათ ლეგიტიმაციის თამაშს თამაშობენ. ეს არის პასუხი, მე არავინ არაფერს არ მისწრებს. სურთ, რომ ჰყავდეთ სისტემური ოპოზიცია, ზოგი ნებსით თუ უნებლიედ ამას აკეთებს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით სწორი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

"ზოგადად, ყველა ოპონენტს ურჩევნია მთელი თავისი რესურსი არა ოპოზიციურად განწყობილი პარტიების კრიტიკისკენ მიმართოს. ძალიან რთულია სწორი პროგნოზების გაკეთება. ჩვენ გვახსოვს "გორბის" კვლევის შედეგები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ჩვენ გვქონდა 3,8%, "ნაციონალურ მოძრაობას" საკმაოდ მაღალი, 28% და ა.შ.", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

დღის ამბები