თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც "გორბიმ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა. 22 ივნისიდან 5 ივლისამდე, პირისპირი ინტერვიუს პრინციპით, 2 300 პირი გამოიკითხა.
"გორბის" კვლევის მიხედვით, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? - გამოკითხულთა 56.2%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. 10.7% - "ლელო - ძლიერი საქართველო", 10% - "გახარია საქართველოსთვის", 9.5% - "კოალიცია - ცვლილებისთვის", 7.5% - "ნაციონალური მოძრაობა", 3.2% - "გირჩი", 1.8% - "პატრიოტთა ალიანსი".
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია. ირაკლი ზარქუას განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა მშვიდობა, ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებაა.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, იცით თქვენ, რომ 56%-ზე მეტია, რატომ? იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უწყიან, რომ დიახ, იმ გამოწვევების ფონზე, იმ პოლიტიკას, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს, ეს არის მშვიდობის პოლიტიკა, ქვეყნის განვითარებაზე აქცენტირებული პოლიტიკა, ეკონომიკის განვითარებაზე, შესაბამისად, არანაირი შანტაჟი, მუქარა, რომელიც მოდის გარკვეული ბიუროკრატიისგან, ევროპის თუ სხვა ქვეყნებისგან, ჩვენ ვერ შეგვაშინებს.
ხოლო კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს, რაც ჰქონდათ, ისიც დაკლებული აქვთ. 10% ერთს, 10% მეორე "ლელოს" და ხაბეს პარტია კიდევ 7%-მდე დავიდა. იმიტომ, რომ როდესაც ხარ უსამშობლოთა მხარდამჭერი; როდესაც ხარ მომლოდინე, რომ დირექტივები მიიღო, უცხო ქვეყნის დაკვეთას როცა ასრულებ, როცა ცალ ფეხზე დგახარ და არ გაინტერესებს შენი მოქალაქეების აზრი, არ ხვდები მათ, არც ის გაინტერესებს, რომ ქართული, შენი ისტორია, კულტურა დაიცვა და ბოლომდე გაიტანო, იამაყო ამით, ამას როცა არ აკეთებ, ბუნებრივია, მხარდაჭერაც საზოგადოებაში ადეკვატური გექნება", - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.