სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, "გორბის" კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ალტერნატივა და რეალური ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაუწევს სახელისუფლებო გუნდს. ასევე, მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებით, ეს კვლევა ადასტურებს იმასაც, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე კამპანია, როგორც თავად უწოდებენ - დეზინფორმაციული კამპანია, ვერ განახორციელა და მოქალაქეების მოტყუება ვერ შეძლო.
"კვლევა აჩვენებს ძალიან კარგად იმ პოლიტიკურ განწყობებს, რომელიც არის საქართველოში, მათ შორის იმასაც, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი ქართულ სივრცეში და ასევე, აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ნაწილი, სადაც არის გამოკვეთილი მოსახლეობის დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით, ესეც არის ძალიან კარგი კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ვერ მოახერხა მოსახლეობის მოტყუება იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა რაიმე ისეთი ფორმით, სადაც შეიძლება არ ყოფილიყო ასახული მოსახლეობის განწყობები და პოლიტიკური ნება.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა საარჩევნო პროცესს; ენდობა არჩევნებს, როგორც პროცესს და მათი დამოკიდებულებაც არის პოზიტიური და შემდგომ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ, იმასთან ერთობლიობაში, რომ მოსახლეობის დაკვეთა არ არის რადიკალიზაცია, ეს უნდა იყოს კიდევ ერთი მტკიცებულება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომ მაქსიმალურად დაუბრუნდნენ დემოკრატიულ ჩარჩოებს, საარჩევნო პროცესს, და ამ არჩევნების გზით გამოხატონ და დაუმტკიცონ საკუთარ მოსახლეობას, თუ რას წარმოადგენენ რეალურად“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.