2023 წლის 7 იანვარს, კურიერი P.S.-ში გავიდა რეპორტაჟი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი იტალია და საერთაშორისო მედია მოიცვა - ვინ არის კარლო პონტის საცოლე? სწორედ ჩვენი გადაცემიდან გაიგო მილიონობით ადამიანმა, რომ იტალიური კინოს ლეგენდას - სოფი ლორენს ქართველი სარძლო ჰყავდა.
ჯვრისწერამდე, კარლო პონტი საქართველოში მართლმადიდებლად მოინათლა, შემდეგ კი ქართულ-იტალიური სიყვარულის ისტორია ტრადიციული ქართული ქორწილით დაგვირგვინდა. ჯერ იყო ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში, სადაც იტალიელი სიძე ჩოხაში, პატარძალი კი ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოჩნდა.
ტაძარში სტუმრების გარდა წყვილს შეძახილებით დახვდნენ წითელი ლენტის მიღმა შეგროვილი უცნობი გულშემატკივრებიც. ჯვრისწერას სტუმრების მხოლოდ ვიწრო წრე დაესწრო, მათ შორის, წყვილის შვილები, კარლო პონტის ძმა და ქართული სამეფო ოჯახი.
ტაძრიდან გამოსულებს ხანჯლების თაღით დახვდნენ ჩოხოსნები. მცხეთიდან ქორწილმა მუხრანში გადაინაცვლა - ჯერ ღია სივრცეში, სადაც ხელის მოწერის ცერემონია გაიმართა. ამჯერად პატარძალი სხვა თეთრი კაბით, ნეფე კი ფრაკით მივიდა.
მარიამი კარლომდე ტრადიციის მიხედვით მამამ მიიყვანა. შემდეგ იყო წყვილის ემოციური ფიცი და სიყვარულის საჯარო ახსნა ქართულად. მას შემდეგ, რაც ქორწინება ხელმოწერით დადასტურდა, ღონისძიებამ დახურულ სივრცეში გადაინაცვლა, რა თქმა უნდა, მრავალჟამიერის ფონზე.
იმღერა შვიდკაცამ, იტალიელი სტუმრებისთვის დუეტმა ჯორჯიამ, იყო კლასიკური შესრულებებიც - უცხოელი სტუმრებისგან და სიძის ქართველი მეგობრისგან. იცეკვეს სუხიშვილებმაც. კულმინაცია იყო მარიამისა და კარლოს პირველი ცეკვა "დაისი".
შემდეგ კი ის, რასაც ყველა ელოდა - ოსკაროსანი მსახიობის, სოფი ლორენის, როგორც დედის და ახლა უკვე დედამთილის მილოცვა, შემდეგ პატარძლის კიდევ ერთი კაბა და ზღაპრული ვალსი.
ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა, პერსონალმა და სიძე-პატარძალმა განსაკუთრებით მოილხინეს მგზავრების შესრულებაზე. ქორწილს არც მრავალსართულიანი ტორტის გარეშე ჩაუვლია.
ასეთი იყო ზღაპრული სიყვარულის ისტორიის გვირგვინი, ამავე ზღაპრის მიხედვით კი, მეფე-დედოფალი იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად.