19 აგვისტო 2026,   08:03
ვრცლად
რუსული იარლიყი და მტრის ხატის შექმნა - მმართველ გუნდში ოპოზიციის მხრიდან "დიპ სტეიტის" მეთოდების გამოყენებაზე საუბრობენ

პოლიტიკა და იარლიყი, რომელიც სწორედ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება. მაშინ, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენს ქვეყანაში რუსული ფაქტორით მანიპულირება კიდევ უფრო მარტივი ხდება. ეს კარგად იცის ოპოზიციამაც, რომელიც ამ გზას როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაადგა. გაშიფრულია ხელწერაც - ოპონენტი არგუმენტების გარეშე მტრის ხატს დაუკავშირო.

საქართველო გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სკანდალურმა განცხადებამ ნათელი ბევრ რამეს კიდევ ერთხელ მოჰფინა.

"ქართული ოცნებისთვის" დადასტურდა ისიც, რომ ეგრეთ წოდებული "დიპ სტეიტი" მიუღებელი პოლიტიკური ძალების ჩამოშორებას სწორედ პრორუსულობის ჩარჩოში მოქცევით ცდილობს. პოლიტიკა ხანდახან დაუჯერებელ ამბავს ნამდვილად ჰგავს, ქმნის ჩარჩოს, სადაც შეიძლება აღმოაჩინო შავი კატა ბნელ ოთახში, მაშინაც, თუ ის იქ არ არის.

ასე მოიტანა ქართული ოპოზიციისთვისაც პოლიტიკურმა ცხოვრებამ. ბევრჯერ დასახელდა მოკარნახეთა ვინაობაც. გამეორების პრობლემა რომ არ ყოფილა, ამას არქივიც მოწმობს. არქივი მოწმობს იმასაც, რომ ბრალდებები არგუმენტების გარეშე ოპოზიციის ყოველდღიურობად ბევრი წელია იქცა, მათ რიგებში კი პოლიტიკური ვნებათაღელვა განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ იზრდება, მაშინ, როცა საკუთარ ოცნებას ვერ იხდენენ და ამომრჩეველი არჩევანს "ქართულ ოცნებაზე" აკეთებს.

"დიპ სტეიტის" მოქმედების ფორმას ფაშისტურ პროპაგანდას ადარებს უმრავლესობის ლიდერი. "დააბრალე რაც გინდა, მტკიცებულებების გარეშე" - მამუკა მდინარაძე იმ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ რა კამპანიას ატარებს ოპოზიცია 2012 წლიდან.

უარგუმენტო ბრალდებებს ხელისუფლება ფაქტებს უპირისპირებს და ოპონენტებს წარსულს ახსენებს, რადგან ოპოზიციისთვის პოლიტიკური ამნეზია უცხო არც ამ შემთხვევაშია. მაშინ, როცა ყოფილი სახელისუფლებო პარტია რუსეთის ინტერესების გამტარებლად მოქმედს აცხადებს, ავიწყდებათ საკუთარი ლიდერი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე, რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ახსოვთ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებაზე ისევ სააკაშვილის მხარდაჭერაც, რის სანაცვლოდაც მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ჩვენს ქვეყანას არაფერი მიუღია.

ვინ უმღეროდა, ვინ აამებდა და ვინ ვის უქებდა, ეს მივიწყებული ფაქტები იქნებოდა, რომ არა მათ მიერვე გაცოცხლებული მტრის ხატის თემა. მაშინ, პოლიტიკურ გზაჯვარედინზე ყველამ საკუთარი მიმართულება აირჩია, მათ შორის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებამ, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი ევროპული ინტეგრაციაა. ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და უწყვეტი მშვიდობა - სახელისუფლებო გუნდი აქცენტს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე აკეთებს.

ქართული ოპოზიცია რომ ე.წ. დიპ სტეიტის ხელწერას იყენებს, ამაში მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მას შემდეგ დარწმუნდა, რაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. საქმე ეხება 2016 წლის არჩევნებს, როდესაც დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსულ ჩარევას დაუკავშირეს.

დღის ამბები