გზების მშენებლობა, სკოლებისა და ბაღების განახლება - ეს გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია. რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რეგიონში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურაც. უკვე გაიხსნა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილი - სამტრედია–გრიგოლეთის 12 კმ-იან მონაკვეთზე კი, მშენებლობის პროცესი გრძელდება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოზურგეთი–ნატანები–ურეკის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
რეგიონში მიმდინარე პროექტებს გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი. რევაზ სოხაძემ შესრულებულ სამუშაოებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პრობლემურ საკითხებზე რეაგირება მყისიერად ხდება და პროექტები უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მთელ რეგიონში გრძელდება. სოფელ ნატანებში, განახლდება 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა. მალე, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნებათ სოფელ შუაფარცხმის სკოლის მოსწავლეებს. სველი წერტილები, სათამაშო და რეკრეაციულ ზონები - სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ნატანების საბავშვო ბაღსაც. სამუშაოებს მონიტორინგს მუნიციპალური განვითარების ფონდი უწევს, სადაც ამბობენ, რომ რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტაც გახდა საჭირო.
უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება ქალაქ ოზურგეთსა და ლანჩხუთში. ეწყობა ჭაბურღილები, რეზერვუარები და სათავე ნაგებობები. პროექტებზე 84 მილონ ლარამდე იხარჯება.
გურიაში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტების ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდება.