21 აგვისტო 2026,   12:14
ვრცლად
ევროკავშირის პრესსპიკერი ბრალდებებსა და "რუსული სტილის შეთქმულებების თეორიებზე" საუბრობს - სახელისუფლებო პარტია არგუმენტებს ითხოვს და ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რადიკალური პროცესების დაფინანსება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობა - შეკითხვა ბევრია, ადრესატი კი, "ქართული ოცნების" თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია. მმართველი გუნდის ლიდერებისთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც ევროკავშირის პრესსპიკერმა დეზინფორმაციის გავრცელებასა და პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით გააკეთა. მმართველ გუნდის ლიდერები უახლეს წარსულს, საქართველოში ევროკავშირის ელჩის ქმედებებსა და განცხადებებს იხსენებენ. ამბობენ, რომ ჰერჩინსკი საქართველოს შიდა საქმეებში არაერთხელ ჩაერია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ აქტორებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აქცენტს რუსული სტილის შეთქმულების თეორიებზე აკეთებს. ანუარ ელ ანუნის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

სიტყვა რუსული დღეს ქართული ოპოზიციის განცხადებებშიც ხშირად ისმოდა. ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადების სულისკვეთებას სრულად იზიარებენ.

პარტნიორული ურთიერთობების ნაცვლად, საბჭოთა მეთოდების გამოყენება - "ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირის მხრიდან უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ. "ხალხის ძალისთვის" ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება, წინასაარჩევნოდ, საზოგადოების მოტყუების და დეზინფორმაციის გზით მთავრობის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.

დღეს, ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ შვედეთი გმობს საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას.

შვედეთის საგარეო უწყებას მალევე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, არასერიოზულია შვედეთის საგარეო უწყების გზავნილი, მაშინ, როცა ამავე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს აკეთებდა. განცხადებას შალვა პაპუაშვილმა ვიდეოც დაურთო.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები