დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრი, 3 საათით, ყვითელი ლენტით შემოისაზღვრა. 20 ივნისთან დაკავშირებით მორიგ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა 3-მა დაზარალებულმა მიიღო. მოწმეებმა გამომძიებლებისა და ექსპერტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც, თუმცა ადრესატი, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აინტერესებს, რამდენად სწორად დაიგეგმა ოპერაცია და იყო თუ არა შესაძლებელი ზიანის შემცირება.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტები უკვე მესამე კვირაა ტარდება - გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
სტრასბურგის სასამართლოს შეკითხვებს პასუხები ქართულმა გამოძიებამ უნდა გასცეს- სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტების დასრულების შემდეგ, 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ იქნება და ყველა დეტალი გაირკვევა.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა 17-მა დაზარალებულმა უკვე მიიღო. 6 წლის წინ, 20 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 80 პოლიციელი და 40 ჟურნალისტი.
ავტორი: ნანა გოგატაძე