დატბორილი სახლები, განადგურებული მეურნეობა, დახოცილი პირუტყვი და დაზიანებული სამანქანო გზა - ასე გამოიყურება ლენტეხი სტიქიის შემდეგ. ძლიერმა წვიმამ ადგილობრივებთან ერთად პრობლემა ტურისტებსაც შეუქმნა. ისინი სტიქიის ზონიდან სამაშველო ჯგუფის დახმარებით გამოიყვანეს. ადგილზე საგანგებო შტაბი ამ დრომდე მუშაობს.
სტიქიამ დააზარალა ცაგერიც. ადიდებულმა მდინარემ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე ხიდი დააზიანა და შეაფერხა მოძრაობა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბახმარო-ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე. ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღის მასა საავტომობილო მონაკვეთზე ჩამოიტანა. გზის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, მოძრაობა ამ ეტაპზე სრულად აღდგენილია.
დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ადიგენიდან, სადაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. გაწმენდით სამუშაოებში როგორც ადგილობრივი მერია, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებია ჩართული.
სტიქიამ ჯამში სამი რეგიონი დააზარალა. ადგილზე, მოსახლეობის დასახმარებლად, ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული.