19 აგვისტო 2026,   03:49
ვრცლად
FARA-ს ახალი დოკუმენტი - ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმდინარე წლის 11 ივლისს, "ნელსონ მალინსთან" ლობისტური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრში გამოქვეყნებული ინფორმაცია მმართველი გუნდის ხელში კონგრესმენ ჯო უილსონის წინააღმდეგ მორიგი არგუმენტია. FARA-ს დოკუმენტით ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმდინარე წლის 11 ივლისს, "ნელსონ მალინსთან" ლობისტური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტს ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს. თავის მხრივ "მანილსი" კაროლინას შტატის ქალაქ კოლუმბიაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც წლებია ჯო ვილსონის და ლინდსი გრეჰემის საარჩევნო კამპანიებს აფინანსებს. უილსონს ლობისტებისგან მხოლოდ 2024 წელს 10 ათასი დოლარი აქვს მიღებული. გასულ წლებში კი მისი შემოწირულებები 100 ათას დოლარს აღწევს. სახელისუფლებო პარტიაში კონგრესმენის მხრიდან სუბიექტურ მოქმედებაზე საუბრობენ, რომლის მიზანიც ქვეყნის იმიჯის შელახვაა.

ამერიკის უცხოურ აგენტთა რეესტრში გამოქვეყნებულია ის ლობისტური ამოცანები, რომლის შესრულებისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა" დაქირავებულ კომპანიას 360 ათას დოლარს უხდის. ოპოზიციური პარტიის ინტერესების გატარებას სენატსა და კონგრესში, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკულ ისტებლიშმენტში მათთვის სასარგებლო განწყობების შექმნა - კონტრაქტის მიხედვით, "ნელსონ მალინსი" მომდევნო 6 თვეში ამ ვალდებულებებს შესრულებას საკუთარ თავზე იღებს.

რატომ დაიქირავა ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ კონგრესმენ უილსონის სახელთან ახლო კავშირში მყოფი ლობისტური კომპანია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ სურთ. ამბობენ, რომ ლობისტების მომსახურება აპრობირებული მეთოდია, რომელსაც ჯო უილსონის კრიტიკული პოზიციის ფინანსურ წახალისებასთან საერთო არაფერი აქვს.

ნელსონ მანილსი რომ "ნაცმოძრაობასა" და ჯო უილსონს შორის ფინანსური შუამავალია, ამაში "ქართული ოცნების" წევრებს ეჭვი არ ეპარებათ. პოლიტიკოსებმა დღეს ფარას მაგალითზე გამჭვირვალობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. თქვეს, რომ "ნაცმოძრაობის" მხრიდან არჩევნებზე დახმარების მიზეზით ლობისტების დაქირავება - მაშინ, როდესაც პარტია მუნიციპალურ მარათონში მონაწილეობას არ იღებს, აბსურდულია. ასეულობით ათასი დოლარი კი, უმრავლესობის აზრით, რეალურად, ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის გადახდილი თანხაა.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი FARA-ს დოკუმენტებს ყოველ 6 თვეში აქვეყნებს. "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან, 3 წელიწადში ლობიზმში გადახდილი თანხა 2 მილიონ დოლარს აჭარბებს.

დღის ამბები