შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას "ფოქს ნიუსი" ავრცელებს. ტულსი გაბარდი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეთქმულებაში ადანაშაულებს.
დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნებში რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებები იყო გამოგონილი. ამერიკელი მაღალჩინოსანი იმასაც ირწმუნება, რომ დანაშაული ტრამპის წინააღმდეგ "დიფ სთეითის" დავალებით ჩაიდინეს.
ის, რაც ვაშინგტონის პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია, განხილვის საგანია თბილისშიც. "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის დასტური არაფორმალური გავლენების და იმ მანიპულაციების, რომელზეც აქამდეც საუბრობდნენ, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება მანიპულირებს და "დიფ სთეითის" ამერიკული გაგება შორს არის იმისგან, რაზეც "ქართული ოცნების" წევრები საუბრობენ.
"ყველაფერს აკავშირებენ რუსეთთან. გაუაზრებლად თუ გააზრებულად ახდენენ რუსეთის განდიდებას. ფაქტობრივად ამბობენ, რომ რუსეთს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, ზე სახელმწიფო ამოატრიალოს, არჩევნები შემოატრიალოს, ასობით მილიონი ადამიანის პოლიტიკურ ნებაზე ითამაშოს. ამიტომ, მოსახლეობამ ნახოს, რეალურად, ვინაა პრორუსი. დღეის ამას იქით, ვინც ამ იარლიყების "უპრაგონოდ" გასროლას დაიწყებს, მარტივად, ღიად გვეცოდინება აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პირით და სახელით, რომ ეს ადამიანები ამ დიდი სქემის ნაწილები არიან", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.