21 აგვისტო 2026,   22:21
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება - ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული მმართველი გუნდი

ოპოზიციის საბოლოო მიზანი საერთოა, თუმცა მიზნამდე მისასვლელი გზა განსხვავებული. სწორედ ეს განსხვავებული სამოქმედო გეგმაა მათი დაპირისპირების მთავარი მიზეზიც. ერთ დროს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები, დღეს ერთმანეთის ოპოზიციაში არიან და ერთმანეთს ბრძოლის მეთოდებს უწუნებენ. პარტია "ლელო" ორ ბანაკად დაყოფილ ოპოზიციაში იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მათი ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.

გაუგებარი და ბუნდოვანია ყოფილი პრეზიდენტის პარტიისთვის ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის პოზიცია. "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ სამოქმედო გეგმად არჩევნების ბოიკოტსა და ქუჩის აქციებს ასახელებს.

ყოფილი პრემიერის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმას დესტრუქციულად მიიჩნევს და ემიჯნება. გახარიას გუნდი, რომელსაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" 4 მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, რუსთავში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში კოალიცია აქვს შექმნილი, ამავე პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

მმართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას სერიოზულად არ მიიჩნევს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია კვლავ იმ ერთი ქოლგის ქვეშაა, რომელსაც გარე ძალები მართავენ. ვინ და რა კონფიგურაციით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ აქვს და გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება. 4 ოქტომბერს მერებსა და საკრებულოს წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები