კინოსამყარო Emmy-ს მოლოდინშია, ამერიკული სატელევიზიო პრემიის, რომელიც იგივე რანგის ჯილდოა, როგორიც კინემატოგრაფიისთვის ოსკარი, მუსიკისთვის კი გრემი.
არა მხოლოდ წლის საუკეთესო სერიალებსა და შესრულებებს აღიარებს, არამედ ასახავს მთავარ გზავნილებსა და ტენდენციებს, რომელთა გარშემოც ტრიალებს მედია და საზოგადოება.
დაჯილდოებისთვის მზადება დაწყებულია - ნომინანტთა სია ცნობილი.
ამბიციური დებიუტები თუ გაბედული სცენარები, რომელი პროექტები იბრძვიან ჯილდოსთვის, კინომანებს, 15 ივლისს, ტელევიზიის აკადემიის თავმჯდომარემ კრის აბრეგომ და მსახიობებმა ბრენდა სონგიმ და ჰარვი გილენმა გააცნეს.
ნომინაციების წარდგენისას ყველაზე მეტჯერ სამეცნიერო ფანტასტიკური დრამის "განცალკევებ" სახელწოდება გაჟღერდა. მათ შორის, მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცისა და ქალის კატეგორიებში ადამ სკოტი და ბრიტ ლოური. რჩეული ფსიქოლოგიური თრილერი AI-ს გაზვიადებულ ეპოქას ასახავს. ადამიანების ტვინში ნერგავენ ჩიპებს, რომელიც მათ მეხსიერებას ორად ყოფს, ოფისში მყოფ ვერსიად, როდესაც არ ახსოვთ სამსახურს მიღმა ცხოვრება და პირიქით, ოფისს მიღმა ვერსიას, რომლისთვისაც უცნობია რას აკეთებს მისი მეორე "მე" სამსახურში.
ფავორიტებს შორის კატეგორიების რაოდენობით მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ "პინგვინი" და "თეთრი ლოტუსი". სოციალური დრამა, მინისერიალი "პინგვინი" მუქი და მძაფრი ტონებით გამოირჩევა, გმირები კი, ძირითადად ბოროტმოქმედთა წრეა. უკვე კარგად ნაცნობი სატირა "თეთრი ლოტუსი" კი, შავი იუმორით, სოციალური კრიტიკითა და ფენების დაპირისპირების ღრმა ანალიზით.
Emmy-ის ისტორიაში ჩაიწერა სერიალ "მოზარდობის" ვარსკვლავი, 15 წლის ოუენ კუპერო, როგორც ყველაზე პატარა ნომინანტი. Emmy-ზე ნომინირებული ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის ტიტულისთვის იბრძოლებს ლიმიტირებულ ან ანთოლოგიურ სერიალში. სატელევიზიო პროექტში ის ჯეიმი მილერის როლს თამაშობს, რომელსაც პოლიცია კლასელის მკვლელობისთვის აკავებს. სერიალი ისეთ საკითხებს ეხება, როგორებიც არის ახალგაზრდების რადიკალიზაცია, გენდერული ძალადობა და კიბერ ბულინგი.
სეთ როგენის მიერ შექმნილმა "სტუდიამ", Emmy-ის 23 ნომინაცია მოიპოვა. ამით მან სადებიუტო სეზონში კომედიური სერიალების ნომინაციების რეკორდი დაამყარა და გასული წლის "დათვის" შედეგი გაიმეორა.
"დათვმა" კი, რომელიც კრიტიკოსების შეფასებებით პირველი რამდენიმე სეზონის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა, წელს Emmy Awards-ის 13 ნომინაცია მიიღო.
ყველასათვის მოულოდნელად, წელს ნომინაციების გარეშე დარჩა "კალმარის თამაშები" მესამე სეზონით, რომელმაც ცოტა ხნის წინ Netflix-ის ნახვების რეკორდი დაამყარა.
წლის საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში წარდგენილია - "ანდორი", "დიპლომატი", "უკანასკნელი ჩვენგანი", "სამოთხე", "განცალკევება", "ნელი ცხენები" და "თეთრი ლოტუსი".
საუკეთესო კომედიური სერიალის წოდებისთვის კი იბრძოლებენ ისეთი სატელევიზიო პროექტები, როგორებიც არის - "დათვი", "ეს არავის უნდა", "მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები", "კინოინდუსტრია" და "რას ვაკეთებთ ჩრდილში".
კატეგორიაში - საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კეტი ბეიტსი, შერონ ჰორგანი, ბრიტ ლოური, ბელა რემზი და ქერი რასელი. ხოლო ნომინაციაში - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში, წარდგენილები არიან სტერლინგ ბრაუნი, გერი ოლდმანი, პედრო პასკალი, ადამ სკოტი და ნოა უაილი.
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში - წელს ეს ნომინაცია უზო ადუბამ, კრისტენ ბელმა, ქუინტა ბრანსონმა, აიო ედებირმა და ჯინ სმარტმა გაინაწილეს. კომედიურ სერიალში საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორია კი ადამ ბროუდიმ, სეთ როგენმა, ჯეისონ სიგელმა და ჯერემი ალოან უაითმა.
Emmy ამერიკული ტელეინდუსტრიის გამორჩეულ მიღწევებს 1949 წლიდან აფასებს. 60-იანი წლებიდან კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა, იმის პარალელურად, რომ ტელევიზორი ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
სახელწოდება Emmy ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი ტექნიკური ელემენტის - გადამცემი მილის სახელიდან მოდის.
რაც შეეხება ფიგურას, რომელსაც გამარჯვებულებს გადასცემენ, ფრთიან ქალს ხელში ატომით - ის ხელოვნებისა და ტექნოლოგიის შერწყმის სიმბოლოდ ითვლება.
ამ სიმბოლოს გაცემაში სატელევიზიო აკადემიის 20 000-მდე წევრი ანონიმური ხმის მიცემის პრინციპით მონაწილეობს.
ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს და ვის დატოვებს აღიარების მიღმა ამერიკული ტელეინდუსტრიის ელიტა, Emmy-ის 77-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, 14 სექტემბერს გახდება ცნობილი.