21 აგვისტო 2026,   17:57
ვრცლად
არსებობდა თუ არა მარსზე სიცოცხლე - წითელი პლანეტიდან NASA-ს მორიგი "მარსმავალი" 1500 დღეზე მეტია ახალ ფოტომასალასა და ინფორმაციას აგზავნის

ძველი ბერძნები მას არესს ეძახდნენ, ბაბილონში ნერგალს უწოდებდნენ, ეგვიპტური ცივილიზაციის ხანაში მზისგან რიგით მეოთხე პლანეტას უბრალოდ წითელ მნათობად მოიხსენიებდნენ, დღეს კი მას მარსის სახელით ვიცნობთ, რომელსაც ძველი რომაული ომის ღმერთის სახელი შემორჩა. ის, რაც ათობით საუკუნის წინ ომის, ძალადობისა და სისხლისღვრის სიმბოლო იყო, დღეს ბევრი ადამიანისთვის კაცობრიობის ნათელი მომავლის იმედს წარმოადგენს.

დედამიწაზე თითქმის ორჯერ პატარა პლანეტა რომ ოდესღაც მდინარეებით იყო გაჯერებული, ამას ის კრატერები, კანიონები და არხები მოწმობს, რაც მარსზე უხვად არის. დღესდღეობით კი წითელ პლანეტაზე წყალი მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში გვხვდება.

მზის სისტემაში ყველაზე მეტად შესწავლილი პლანეტა, ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, შესაბამისად, მისი არსებობის შესახებ კაცობრიობამ უხსოვარი დროიდან იცის. მარსზე პირველი მეცნიერული დაკვირვება კი გალილეო გალილეის ეკუთვნის. სწორედ იტალიელი მეცნიერი იყო პირველი, ვინც მე-17 საუკუნის დასაწყისში მარსს ტელესკოპით დააკვირდა. 

მას შემდეგ მარსის გამოსაკვლევად ასტრონომები ძალისხმევას არ იშურებენ. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი მეზობელი პლანეტიდან, მით უფრო ხშირად ისმის კითხვა - არსებობდა თუ არა მარსზე სიცოცხლე, და რაც ყველაზე მთავარია, გახდება თუ არა წითელი პლანეტა ჩვენი ახალი სახლი? მით უფრო, რომ დღე იქაც თითქმის 24 საათს გრძელდება, სეზონები იცვლება და ტემპერატურა დღის განმავლობაში 35 გრადუს ცელსიუსამდე ადის.

სწორედ ამ ამოცანის ამოსახსნელად მიავლინა ნასამ მორიგი "მარსმავალი" სახელად პერსევერენსი. რობოტის მოვალეობაა პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნები იპოვოს. მარტოხელა რობოტი 1500 დღეზე მეტია დედამიწაზე ყოველდღიურად ახალ ფოტომასალასა და სხვადასხვა სახის ინფორმაციას გზავნის.

3 მეტრი სიგრძის, 2 მეტრი სიმაღლისა და 1000 კილოგრამის ახალი მარსმავალი ულტრათანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, რომელსაც, როგორც მიწის ზემოთ, ასევე ღრმად მიწაშიც არაფერი გამორჩება. იმისათვის, რომ რობოტმა შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს, მუდმივი ენერგიის წყაროდ ბირთვულ ენერგიას იყენებს.

რობოტის ეგრეთ წოდებულ სელფის უკან კი, მეცნიერებმა ქარბორბალა დააფიქსირეს.

რა ხდებოდა მილიონობით წლის წინ მარსზე? უახლესი მისიის კვლევები მოწმობს, რომ შესაძლოა მარსმავალმა თიხის მინერალების კვალს მიაგნო, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ოდესღაც წითელ პლანეტაზე უფრო ტენიანი ჰავა და შედარებით მაღალი ტემპერატურა იყო.

ვიდრე მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მთვარის შემდეგ, ადამიანის მორიგი ნაფეხური მარსზეც აღმოჩნდება, ათობით, შესაძლოა ასობით წელიც კი გვაშორებდეს, მანამდე კერძო აუქციონზე დედამიწაზე არსებული მარსის ყველაზე დიდი ქვა 5 მილიონ დოლარად უკვე გაიყიდა. ის ერთ-ერთ ჩამოვარდნილ ასტეროიდს მოჰყვა, რომელიც საჰარას უდაბნოში აღმოაჩინეს.

დღესდღეობით ჩვენი მეზობელი პლანეტა მხოლოდ თანამედროვე პოპკულტურაში ტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს. მანამდე მარსი შესაძლოა ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავდეს, რომელიც თავის ამომხსნელს ელოდება.

ავტორი: სანდრო სანაია 

დღის ამბები