21 აგვისტო 2026,   18:39
ვრცლად
Primetime: რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება.

"პრაიმ ტაიმი" წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ხალხი ციხიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. ნაცვლად ამისა, უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდადებულმა პირებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რუსეთის მხარეს გადავიდნენ და შემდგომ, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ.

"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ უკრაინელ კრიმინალებს ბრალად მძიმე დანაშაული აქვთ დადასტურებული, უმეტესობა მათგანს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის შიდსის ვირუსი უფიქსირდებათ. რისკების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელი კრიმინალების სამშობლოში დეპორტაციის პროცესში იყო ვარიანტი, რომ ეს პირები მოლდოვას გავლით დაებრუნებინათ ქვეყანაში, მაგრამ მოლდოვას ხელისუფლებამ ამ ვარიანტზე უარი თქვა. დღეს საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას არ უბრუნებს საკუთარ მოქალაქეებს, მათ იარაღად იყენებს და საქართველოში აგზავნის.

"პრაიმ ტაიმის" ცნობით, ქართულმა მხარემ, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოლდოვას რესპუბლიკის უარის შემდეგ უკრაინას მათი მოქალაქეების დაბრუნების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეების დაბრუნების რა ფორმა შესთავაზა შსს-მ კოლეგებს და მიიღო თუ არა პასუხი.

"ინფორმაცია განახლდება, როგორც კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს მივიღებთ," - წერს გამოცემა. 

დღის ამბები